რუსეთი ირანისთვის დრონების, მედიკამენტებისა და საკვების ეტაპობრივ მიწოდებას ახორციელებს, რითაც თავის მოკავშირეს აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომში ეხმარება. ამის შესახებ Financial Times წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ირანელმა და რუსმა მაღალჩინოსნებმა დრონების მიწოდებაზე საიდუმლოდ საუბარი ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყეს.
მიწოდების პროცესი მარტის დასაწყისში დაიწყო და სავარაუდოდ, თვის ბოლომდე დასრულდება.
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად რა ტიპის დრონები უნდა გაეგზავნა რუსეთს, უცნობია, გამოცემის წყაროები ვარაუდობენ, რომ მოსკოვი აწვდის „გერან“-2-ის ტიპის დრონებს, რომლებსაც ის ირანული Shahed-136 დრონების ბაზაზე აწარმოებს.
„მოსკოვი ერევა არა მხოლოდ ირანის სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად, არამედ თეირანში რეჟიმის უფრო ფართო პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფადაც“, - განაცხადა ერთ-ერთმა დასავლელმა მაღალჩინოსანმა.
თეირანმა კრემლს ასევე უფრო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის თხოვნით მიმართა.