რასაკვირველია, ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში - ის იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ის გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიასთვის 1.5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
ვოლსკის თქმით, ხოშტარია ექსტრემიზმისთვის არის დასჯილი და არა ფლომასტერის გამოყენებისათვის, რომლითაც „ბანერი დააზიანა“.
„რასაკვირველია, ძალიან სამწუხაროა, როცა 4 შვილის დედა ჩართულია რევოლუციურ პროცესებში და არათუ უარყოფს თავის დანაშაულს, პირიქით, ამბობს, რომ სწორად მოიქცა და თუკი ექნება საშუალება, კიდევ უარესს გააკეთებს. მათ შორის, პიროტექნიკის დემონსტრირება მოახდინა, რომელიც მის ოფისებში ინახებოდა. თქვა, რომ ეს სწორედაც მისი იარაღია და ამ იარაღით კვლავ დაუპირისპირდება სტაბილურობას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ახასიათებს ამ ურთულეს პერიოდში...
ელენე ხოშტარიას თუ სხვა მისი იდეის გამზიარებელ პოლიტიკურ ფიგურებს აქვთ მხოლოდ ერთი მიზანი - როგორმე რევოლუციის გზით, საქართველოში ის ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც იქნება მარიონეტული, დამოკიდებული საერთაშორისო პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, რომელსაც მხარს უჭერს კონკრეტული ქვეყნების ჯგუფი. რუსული აგრესია საქართველოსკენ უნდა იყოს მიმართული იმისათვის, რათა ევროპა გათავისუფლდეს იმ საფრთხეებისაგან, რასაც მათი აზრით, რუსეთის ფედერაცია უახლოეს პერიოდში უქადის. ეს არის ფორმულა. ამ ფორმულას მიყვებიან და აქ არის ელენე ხოშტარიას დანაშაულიც. სწორედ ამ ფორმულის გამოყენებით ფიქრობს, რომ რევოლუციური გზა არის სწორი და რევოლუციური გზის განვითარებისათვის აკეთებს ყველაფერს, მათ შორის, ფიზიკური ძალის ორგანიზებითაც.
რასაკვირველია, ის ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში. ეს ყველამ კარგად იცის. იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია. ხელისუფლების რევოლუციის გზით გადაყენების ამოცანის შესრულებისათვის უკეთებდა ორგანიზებას ამ პროცესს. ექსტრემიზმისთვის არის დასჯილი და არა ფლომასტერის გამოყენებისათვის, რომლითაც პლაკატი დააზიანა, თუმცა ესეც გარკვეული დანაშაულია, მაგრამ უფრო მსუბუქი, რასაკვირველია, იმასთან შედარებით, რასაც ელენე ხოშტარია აკეთებდა. სამწუხაროა, რომ იგი მოხდა განსასჯელთა სკამზე. სამწუხაროა იმის აღნიშვნა, რომ ხელისუფლების მიერ დაწესებულ კანონებთან დაპირისპირებაში მან გამოიჩინა თავი და თანაც კონკრეტული განცხადებებით კი არა, რომელიც მას ახასიათებდა, არამედ კონკრეტული ქმედებებით, რომელსაც შეიძლება ექსტრემიზმი დავარქვათ," - განაცხადა ვოლსკიმ.