„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით, სასამართლომ ნიკა მელიას მორიგი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე არსებით განსახილველად გადასცა სხდომის მდივნის, მანდატურებისა და უსაფრთხოების თანამშრომლების ჩვენებების საფუძველზე.
მისივე შეფასებით, "ნიკა მელია არის ხელისუფლებისთვის მიუღებელი და იგი ყველაზე ხანგრძლივი დროით რჩება საპატიმროში - არ აქვს მნიშვნელობა სამართლებრივ საფუძვლებს, რა მუხლით და რა საქმით, სანამ არსებობს ნება, რომ ნიკა ციხეში იყოს, ის ციხეში იქნება".
"საქმეში არის სასამართლოს თანამშრომლების - სხდომის მდივნის, მანდატურებისა და უსაფრთხოების თანამშრომლების ჩვენებები, რომლის საფუძველზეც, მოსამართლემ საქმე არსებით განსახილველად გადასცა. საქმის განხილვა 3 აპრილს ჩაინიშნა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნიკას მიმართ მერამდენე ბრალია, სათვალავი გვაქვს არეული. ნიკა არის პოლიტიკური პატიმარი. ასევე, 2 დღეში არის ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა, სადაც ნიკა ფიგურირებს, ისევე როგორც მთელი ოპოზიციური სპექტრი. ნიკა მელია ჩვენი გადმოსახედიდან არის ხელისუფლებისთვის მიუღებელი და იგი ყველაზე ხანგრძლივი დროით რჩება საპატიმროში. არ აქვს მნიშვნელობა სამართლებრივ საფუძვლებს, რა მუხლით და რა საქმით, სანამ არსებობს ნება, რომ ნიკა ციხეში იყოს, ის ციხეში იქნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კონდახიშვილმა.