აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განცხადების შესაძლებლობა უარყო და ამავდროულად განაცხადა, რომ მისი აზრით, ჰორმუზის სრუტე „თავისთავად გაიხსნება“, მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეებს მის გახსნაში მონაწილეობა არ სურთ.
„მე არ მინდა ცეცხლის შეწყვეტა. იცით, ცეცხლის შეწყვეტას არ აცხადებ, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით მეორე მხარეს ანადგურებ“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში.
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა მოკავშირეები, მათ შორის ნატო-ს ქვეყნები და ჩინეთი, ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებაზე უარის თქმის გამო, რომლის გავლითაც მსოფლიოს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების დაახლოებით მეხუთედი გადის.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ნატო საკმარისად არ ასრულებს მის როლს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„ეს მარტივი სამხედრო მანევრია, თუმცა, დიდი დახმარებაა საჭირო იმ თვალსაზრისით, რომ საჭიროა ხომალდები და ნატოს შეეძლო ჩვენი დახმარება, მაგრამ მათ ამ დრომდე არ ეყოთ ამის გაკეთების გამბედაობა“, – განაცხადა ტრამპმა.