Freedom House-ის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც, დღეს, 19 მარტს გამოქვეყნდა, ერთ წელიწადში საქართველოს რეიტინგი 4 ქულით შემცირდა, რაც ევრაზიის რეგიონში ყველაზე დიდი ვარდნაა.
ევრაზიის რეგიონში 12 ქვეყანა შედის: საქართველო, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი.
"საქართველოში 2024 წელს დაწყებული ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო პროტესტი 2025 წლის განმავლობაშიც გაგრძელდა მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტები პოლიციის მხრიდან არაპროპორციულ ძალასა და სასტიკ მოპყრობას აწყდებოდნენ.
მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ოპონენტები ფიზიკური თავდასხმების, დევნისა და ახალი სამართლებრივი შეზღუდვების მსხვერპლნი გახდნენ, რაც მიზნად ისახავდა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების საჯარო საქმიანობაში მონაწილეობის შეფერხებას. ქვეყნის რეიტინგი 4 ქულით შემცირდა," - წერია ანგარიშში.
ანგარიშში Freedom House-ი საქართველოში არჩევნებთან დაკავშრებულ პრობლემებზეც წერს:
"ხმების მოსყიდვა და დაშინება არა მხოლოდ გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე, არამედ შესაძლოა გახდეს პირველი ნაბიჯი უფრო ფართო საარჩევნო მანიპულაციებისკენ." - ნათქვამია ანგარიშში.
ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნების” მთავრობამ საპარლამენტო კომისია შექმნა ოპოზიციის წევრების გამოსაძიებლად და დააპატიმრა ისინი, ვინც უარი თქვა მონაწილეობაზე.
“ქართული ოცნების” მთავრობამ საპარლამენტო კომისია შექმნა ოპოზიციის წევრების გამოსაძიებლად და დააპატიმრა ისინი, ვინც უარი თქვა მონაწილეობაზე, და ზოგიერთს პატიმრობა მიუსაჯა მოგონილი ან შეთხზული ბრალდებებით. ამ ზომებმა წვლილი შეიტანეს წლის განმავლობაში საქართველოს რეიტინგის 4-ქულიან ვარდნაში, რაც ყველაზე დიდი იყო ევრაზიის რეგიონში,” - ნათქვამია ანგარიშში.
პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ საქართველოზე უარესი ვარდნა (რომელმაც 4 ქულა დაკარგა) 2025 წელს განიცადეს მხოლოდ გვინეა-ბისაუმ (8 ქულა), ტანზანიამ (7 ქულა), ბურკინა-ფასომ (5 ქულა), სალვადორმა (5 ქულა) და მადაგასკარმა (5 ქულა).