საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე აშშ-ის გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება, რის თაობაზეც აშშ-ის მხარის მიერ იქნა განმარტებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები.
„ცნობილია პრეზიდენტ ტრაპის ადმინისტრაციის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა, რაც აისახება კონკრეტულ ნაბიჯებში. ეს გადაწყვეტილებაც გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის ნაწილია. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები და არ დაარღვიონ მოქმედი სავიზო რეჟიმი, რაც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, 2 აპრილიდან საქართველო იმ 50 ქვეყნის ჩამონათვალში მოხვდა, რომლის მოქალაქესაც აშშ-ის ვიზის მისაღებად სავალდებულო გარანტიის გადახდა მოუწევთ.
ახალი რეგულაციის თანახმად, B1 (ბიზნეს) და B2 (ტურისტული) ვიზის მსურველებს ფულადი დეპოზიტის გადახდა მოუწევთ. კონსულს უფლება აქვს დააწესოს $5,000, $10,000 ან $15,000 აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტი.
თანხა ინდივიდუალურად განისაზღვრება გასაუბრებისას. დეპოზიტი სრულად უბრუნდება მფლობელს, თუ ის აშშ-ს დატოვებს ვიზით განსაზღვრულ ვადაში.
აშშ-ის საპილოტე პროგრამა შემდეგ ქვეყნებზე ვრცელდება:
ალჟირი, ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, ბანგლადეში, ბენინი, ბუტანი, ბოტსვანა, ბურუნდი, კაბო-ვერდე, კამბოჯა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კოტ-დ’ივუარი, კუბა, ჯიბუტი, დომინიკა, ეთიოპია, ფიჯი, გაბონი, გამბია, საქართველო, გრენადა, გვინეა, გვინეა-ბისაუ, ყირგიზეთი, ლესოთო, მალავი, მავრიტანია, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნამიბია, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაპუა-ახალი გვინეა, სან-ტომე და პრინსიპი, სენეგალი, სეიშელის კუნძულები, ტაჯიკეთი, ტანზანია, ტოგო, ტონგა, ტუნისი, თურქმენეთი, ტუვალუ, უგანდა, ვანუატუ, ვენესუელა, ზამბია, ზიმბაბვე.