საქართველოში მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა არსებობს, რადგან ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს და არ ექვემდებარება ზეწოლას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ეს იმ ჟონგლიორობის ნაწილია, რომელსაც თავს არ ანებებენ ევროჩინოვნიკები და ძალები, რომელთაც საქართველოსა და ქართველი ხალხის გამოყენება კვლავ საკუთარი მიზნებისთვის სურთ. საქართველოში ჩამოსული იყო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მისია, რომელმაც საქართველოში არსებული ვითარება მეტ-ნაკლები სიზუსტით ასახა. სახელმწიფო ინსტიტუციებზე თავდასხმა პირველად იყო დაგმობილი. ევროპული წიაღიდან პირველად იყო დაგმობილი, რომ რეალურად დემოკრატიას ხელს არ უწყობს მანდატების გაუქმება და დიალოგის არწარმოება პარლამენტში. როგორც ჩანს, ამ ძალებმა ეს პოზიცია საფრთხედ აღიქვეს და მყისიერად, უკვე მიკერძოებული ექსპერტის მიერ მომზადებული დოკუმენტით მოახდინეს ისეთი ფაქტების აღბეჭდვა, რომელიც ასიმეტრიულად აცდენილია რეალობას და კონკრეტული დათქმების გარდა, სრულ ტყუილს წარმოადგენს.
ეს თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციისა და პარტიული პროპაგანდისტული მედიის მიერ ატაცებული და თითიდან გამოწოვილი თემაა, რაღაც ფსევდო სასამართლო დავებსა და სასამართლო საფრთხეებზე. ქართველ ხალხს ნურავინ ნუ აშინებს და საქართველოზე შანტაჟს ნუ ახდენს. საქართველო და ქართველი ხალხი შანტაჟს არ ექვემდებარება. ნახონ, თუ რა მდგომარეობაშია მთელი მსოფლიო, ერთადერთი მშვიდობის კუნძული საქართველოა. საქართველოში ეს მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა არსებობს, რადგან ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს და არ ექვემდებარება შანტაჟს და ზეწოლას, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იმ ძალებიდან მოედინება, რომელთაც თვალში ვეჩხირებით“, – განაცხადა მათიკაშვილმა.