არ აქვს სალაპარაკო "ლელოსთან" - თქვა ჰააგის ტრიბუნალისკენ მიმავალმა პაპუაშვილმა. "ქართული ოცნება" ამოკლებს თავის გზას ჰააგის ტრიბუნალისკენ საკუთარი განცხადებებით, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
“არ აქვს სალაპარაკო "ლელოსთან" - თქვა ჰააგის ტრიბუნალისკენ მიმავალმა პაპუაშვილმა. "ქართული ოცნება" ამოკლებს თავის გზას ჰააგის ტრიბუნალისკენ საკუთარი განცხადებებით.
რეჟიმს მოუწევს დიალოგის და მოლაპარაკების დაწყება საქართველოს მოსახლეობასთან და პოლიტიკურ ძალებთან, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა...
"ლელოს" ეს განცხადება პაპუაშვილისთვის არ გაუკეთებია, ჩვენი განცხადება არის დოქტრინა - როგორ გამოვიყვანოთ ეს ქვეყანა იმ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელშიც საქართველო პაპუაშვილისნაირებმა შეიყვანეს და დატოვეს დაუცველი საერთაშორისო საფრთხეების წინაშე! კრიზისიდან გამოსავალი არის დიალოგი ორ მთავარ ძირითად საკითხზე. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. პრინციპულად, „ლელო“ გააგრძელებს წინააღმდეგობას. პრინციპულად, „ლელო“ გააგრძელებს ბრძოლას იმ მარტივი ფორმულითა და დოქტრინით, რაც არის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. ივანიშვილმა საქართველო საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე მიატოვა. საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება დავიცვათ საქართველოს ეროვნული ინტერესები. „ლელო“ როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, პრინციპულად დიაცავს საქართველოს მოქალაქეების ეროვნულ ინტერესს,” - განაცხადა კუპრაძემ
შეგახსენებთ, „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ 15 მარტს, პარტიის ლიდერთა სათათბიროს შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აუცილებელია, დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს.
„ლელოს“ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ „ლელოს“ „ქართულ ოცნებასთან“ და „ქართულ ოცნებას“ „ლელოსთან“ სალაპარაკო არ აქვს. მისივე თქმით, „ისინი უნდა ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია“.