საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თორნიკე გორდაძის განცხადებით, ევროკავშირი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების პროცესს ანელებს.
ამის შესახებ გორმაძემ IRIS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და აქვე განმარტა, რომ პროცესი ჭიანურდება მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების დასაწყებად ყველანაირი წინაპირობა არსებობს.
"ამ მომენტისთვის ძირითადად პრობლემა ეხება მოლაპარაკებების დაწყებას თავისუფალი ვაჭრობის ზონაზე. ევროკავშირი პროცესს ანელებს, მაშინ როდესაც ჩვენი აზრით, ყველა ის წინასწარი პირობა შევასრულეთ, რომელიც 2008 წელს დაგვიყენეს. დროთა განმავლობაში ევროკავშირის რეკომენდაციები შეიცვალა, რაც რა თქმა უნდა მათ შესრულებას ართულებს. მაგალითად, თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზე მოლაპარაკებების დაწყებისთვის რეკომენდაციები დღეს ისეთივე მკაცრია, როგორც ისინი რომლებიც 2008 წელს მოლაპარაკებების დახურვისთვის გამოცხადდა", - განმარტავს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე.
მისივე თქმით, ევროკომისია პროცესის შენელებას უკრაინასთან მუშაობის ნეგატიური გამოცდილებით ხსნის.
"უკრაინამ მოლაპარაკებები თითქმის სამი წლის წინ დაიწყო, მაგრამ პროგრესს ვერ მიაღწია. ჩვენ ვსვამთ კითხვას, რამდენად გამართლებულია ასეთი შედარება, რადგან ჩვენი ეკონომიკა ლიბერალური და რეფორმირებულია. გარდა ამისა, ის გაცილებით პატარაა და არ შეიცავს ისეთ პრობლემურ სექტორებს, როგორებიცაა მძიმე მრეწველობა, სამთო-მომპოვებელი სფერო და ა.შ. საქართველოში ზოგიერთები შიშობენ, რომ ევროკავშირი თავისუფალი ვაჭრობის ზონის პრობლემის გადაწყვეტას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს უკავშირებს. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ ეს ეჭვები დაუსაბუთებელია, რადგან ამ ორ საკითხს არაფერი აქვს საერთო და მსგავსი კავშირი სუფთა პოლიტიკური ხასიათის იქნებოდა", - დასძენს თორნიკე გორდაძე.
ამასთან, გრიგოლ ვაშაძის მოადგილის მტკიცებით, ქართული მხარე "ზოგადად არ იღებს ევროკავშირთან დაახლოვების სფეროში ვალდებულებებს, თუკი იცის, რომ მათ ბოლომდე ვერ შეასრულებს".