უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის მხრიდან უკრაინის მიმართ მუქარა სერიული მკვლელის ქმედებას შეადარა, რომელიც საკუთარ დანაშაულებს ამართლებს.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გეორგი ტიხიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
ტიხიმ კომენტარი გააკეთა ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, იბრაჰიმ აზიზის განცხადებაზე, რომ უკრაინამ, სხვა ქვეყნებზე ირანის თავდასხმების წინააღმდეგ საბრძოლველად დრონების მიწოდებით, თავისი ტერიტორია ირანისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ აქცია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გაიხსენა, რომ ირანის რეჟიმი წლების განმავლობაში უკრაინელების მკვლელობას უჭერდა მხარს და პირდაპირ ამარაგებდა რუსეთს დრონებითა და ტექნოლოგიებით უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის.
„ამ კონტექსტში, აბსურდულია, როდესაც ამ რეჟიმის ზოგიერთი წარმომადგენელი უკრაინას ემუქრება და გაერო-ს წესდების 51-ე მუხლით გათვალისწინებული თავდაცვის უფლებასაც კი იყენებს.
ეს იგივეა, რომ სერიული მკვლელი თავის დანაშაულებს სისხლის სამართლის კოდექსის მოყვანით ამართლებდეს,“ - განაცხადა მან.
ტიხიმ აღნიშნა, რომ ირანის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს ირანელებისა და სხვა ქვეყნებისა და ხალხების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის.
შეგახსენებთ, ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, იბრაჰიმ აზიზმა განაცხადა, რომ დრონებით ისრაელის მხარდაჭერით უკრაინა „ფაქტობრივად ომში ჩაერთო“.
„ისრაელის რეჟიმის დრონებით მხარდაჭერის გამო, უკრაინა ფაქტობრივად ომში ჩაერთო და გაერო-ს ქარტიის 51‑ე მუხლის შესაბამისად, მთელი თავისი ტერიტორია ირანისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ აქცია“, - დაწერა იბრაჰიმ აზიზი X-ზე.