აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა სპარსეთის ყურეში, ირანის კუნძულ ხარგზე, იერიში მიიტანეს, სადაც ნავთობის მსხვილი ტერმინალი მდებარეობს.
ტრამპმა ეს დარტყმა შეაფასა, როგორც „ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იერიში“.
მისი თქმით, კუნძულზე ყველა სამხედრო ობიექტი გამონაკლისის გარეშე განადგურდა.
„ცოტა ხნის წინ, ჩემი მითითებით, შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საჰაერო იერიში ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში და სრულად გაანადგურა ყველა სამხედრო სამიზნე ირანის „მბზინავ მარგალიტზე“ - კუნძულ ხარგზე. ჩვენი იარაღი ყველაზე ძლიერი და დახვეწილია, რაც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს, თუმცა, ჰუმანური მიზეზების გამო, მე გადავწყვიტე, არ გავანადგურო კუნძულზე ნავთობის ინფრასტრუქტურა, მაგრამ თუ ირანი ან სხვა ვინმე რამეს გააკეთებს, რაც ხელს შეუშლის გემების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, მე დაუყოვნებლივ გადავხედავ ამ გადაწყვეტილებას“, - თქვა ტრამპმა.
მან ასევე მოუწოდა ირანის ძალებს, დაყარონ იარაღი და გადაარჩინონ ის, რაც მათი ქვეყნიდან დარჩა.
„ირანის სამხედრო ძალებისთვის და ყველასთვის, ვინც დაკავშირებულია ამ ტერორისტულ რეჟიმთან, გონივრული იქნება დაყარონ იარაღი და გადაარჩინონ ის, რაც მათი ქვეყნიდან დარჩა - და ეს არც ისე ბევრია!" -წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% ხარგის კუნძულის ნავთობტერმინალზე გადის.
ომის დაწყებიდან ირანის ძალები სავაჭრო გემებს ჰორმუზის სრუტეში არ უშვებენ, რამაც მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.