ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი იმიტომ, რომ ეს მისი მანდატი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
"ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი იმიტომ, რომ ეს მისი მანდატი არ არის. მან შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიოს და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი, დიალოგის მექანიზმი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში გადამისამართება.
ამიტომ, ცალსახად, ეს არის მოსკოვის მექანიზმის მანდატიდან გასვლა ამ ნაწილში.
რაც შეეხება, კონკრეტულ კანონებს, რაზეც არის საუბარი ამ დოკუმენტში, ამას ვამბობ, აქ ახალი არაფერი არ თქმულა, გასული ორი წლის მანძილზე თუ რამე ბრალდება გვსმენია საქართველოს მიმართ, სწორედ ამ ბრალდებების ენციკლოპედიური კრებულია, იგივე სიტყვები, იგივე შეფასებები.
თუ ვინმეს აქვს რაიმე, კი ბატონო, სადაც უნდა იქ წაიღონ, ჩვენ ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ ჩვენი სიმართლის დასაცავად, თუმცა, თავისთავად, ეს ფაქტი, რომ ამის საფუძველზე, ვინმემ სადმე ჰააგაში, რაღაც საქმე წაიღოს, ღიმილისმომგვრელია." - თქვა მახაშვილმა.