ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ირანის ობიექტზე იერიში მიიტანეს, სადაც, მათი თქმით, ირანი ბირთვული იარაღისთვის „კრიტიკული მნიშვნელობის შესაძლებლობებს“ ავითარებდა. ამის შესახებ The Times of Israel იუწყება.
მედიის ცნობით, აღნიშნული ობიექტი თეირანის მახლობლად მდებარეობს, რომელსაც ისრაელის სამხედროები Taleghan-ის კომპლექსად აიდენტიფიცირებენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ობიექტი ისრაელის საჰაერო ძალების მიერ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რეგიონში განხორციელებული საჰაერო დარტყმების ტალღის დროს დაბომბეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლების თქმით, ირანი ბოლო წლებში ამ ობიექტს იყენებდა თანამედროვე ასაფეთქებელი ნივთიერებების შესაქმნელად და მგრძნობიარე ექსპერიმენტების ჩასატარებლად, როგორც პროექტ AMAD-ის ნაწილის, რომელიც სავარაუდოდ საიდუმლო ბირთვული იარაღის პროგრამაა.
სამხედროების თქმით, ირანი აგრძელებს ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო შესაძლებლობების განვითარებას და ბოლოდროინდელი დარტყმა მისი ბირთვული პროგრამის ჩაშლისკენ მიმართული ოპერაციების სერიის ნაწილია.
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ამ დარტყმების შემდეგ ცოტა ხნის წინ შენიშნეს, რომ ირანი „ნაბიჯებს დგამს კომპლექსის აღსადგენად“.
„ირანის რეჟიმმა განაგრძო ძალისხმევა ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო შესაძლებლობების განვითარებისა და წინსვლისთვის“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალებმა და დასძინა, რომ ბოლოდროინდელი დარტყმა „ოპერაციების სერიის“ ნაწილია, რომელიც მიმართულია „ირანის ტერორისტული რეჟიმის ბირთვული ამბიციების შემდგომი დაზიანებისკენ“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.