უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რას აკეთებს უნგრეთის დელეგაცია, რომელიც უკრაინაში ჩავიდა. ეს განცხადება უკრაინის ლიდერმა ბრიფინგზე გააკეთა.
„არ ვიცი, რას აკეთებს დელეგაცია აქ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მითხრა, რომ რამდენიმე ადამიანი ჩამოვიდა. მათ ეს კერძო მოგზაურობად შეაფასეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამავდროულად, „დრუჟბას“ ნავთობსადენის კომენტირებისას, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა ამ საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან თანამშრომლობს.
„ჩვენი ბოლო სატელეფონო საუბრების დროს შევთანხმდით, რომ უკრაინამ ევროკავშირს შესაძლო განახლების თარიღი უნდა მისცეს. ჩვენი „ნაფტოგაზი“ ამაზე მუშაობს და მითხრეს, რომ ამას დაახლოებით თვე-ნახევარი ან ორი თვე დასჭირდება.
მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მხოლოდ [ტრანსპორტირების] შესაძლებლობაა, რომელიც აღდგება.ჩვენ არ ვსაუბრობთ რეზერვუარების აღდგენაზე. თუ ჩვენ აღვადგენთ იმას, რაც რაკეტების მიერ იყო განადგურებული, ეს იქნებოდა ცენტრალურ ევროპაში ყველაზე დიდი რეზერვუარი. მაგალითად, მის შეკეთებას ექვსი თვე დასჭირდება“, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინაში ვიზიტის შესახებ უნგრეთის ენერგეტიკის სახელმწიფო მდივანმა, გაბორ ჩეპეკმა განაცხადა. .მისი თქმით, უნგრეთის დელეგაცია უკრაინაში ნავთობსადენ „დრუჟბის“ დახურვის მიზეზების გამოსაძიებლად ჩავიდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიზიტი უარყო. სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა, რომ უნგრეთის გუნდს ოფიციალური სტატუსი არ აქვს და ქვეყანაში „ტურისტის“ სტატუსით შევიდა. მისივე თქმით, ჯგუფის ოფიციალურ დელეგაციად მოხსენიება „არასწორია“, რადგან მათ არანაირი შეხვედრა არ აქვთ დაგეგმილი.