ავსტრალიამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შესაძლო გამწვავების გამო აბუ დაბისა და თელ ავივში – საელჩოები, დუბაიში კი საკონსულო დახურა. ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პენი ვონგმა განაცხადა.
მისი თქმით, სულ მცირე ცხრა ქალაქში, სადაც ავსტრალიის საელჩოები და საკონსულოებია განთავსებული, სარაკეტო და დრონებით თავდასხმები განხორციელდა.
„ირანის საპასუხო შეტევები გრძელდება ისეთი მასშტაბით და სიღრმით, როგორიც აქამდე არ გვინახავს“, – განაცხადა პენი ვონგმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, კონფლიქტი, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო გამწვავდება და გაგრძელდება.
„ჩვენი მისიები აბუ-დაბიში, დუბაიში და თელ-ავივში ბოლო კვირის განმავლობაში ფიზიკურად დაიხურა“, - განაცხადა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.