ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა "გურჯაანმა", მსოფლიოს ხალხთა საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე, რომელიც მაროკოში ჩატარდა, საუკეთესო ანსამბლის სტატუსი მოიპოვა. ფესტივალში ფოლკლორული ანსამბლები აფრიკის, ევროპისა და აზიის 20-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. "გურჯაანი" ერთადერთი ანსამბლი იყო, რომელსაც მაროკოს სამეფო თეატრში 8-ჯერ გამოსვლის უფლება მისცეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
"მაროკოს სამეფო თეატრში მხოლოდ ერთხელ გაქვს უფლება კონცერტი ჩაატარო, ჩვენ კი 8 კონცერტი ჩაგვატარებინეს", - განაცხადა ანსამბლ "გურჯაანის" დირექტორმა პაატა გურგენიძემ.
წელს ანსამბლი "გურჯაანი" მიწვეულია ბელგიაში, იტალიაში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, ისრაელსა და საბერძნეთში.
შეგახსენებთ, რომ ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა „გურჯაანმა" მსოფლიო ფოლკლორის 27-ე ფესტივალზე, რომელიც იტალიაში გასული წლის სექტემბერში გაიმართა, 34 ქვეყანას შორის პირველი ადგილი აიღო - ნომინაციაში "საუკეთესო ანსამბლი". მანამდე ანსამბლ "გურჯაანთან" არსებულმა საბავშვო ანსამბლმა "ყველაწმინდამ" ბულგარეთში გამართულ ფესტივალზე, რომელშიც 13 ქვეყანა მონაწილეობდა, პირველი ადგილი მოიპოვა.