ოპერაში ლეონკავალოს ახალი სპექტაკლი – „ჯამბაზები“ დაიდგა და არ მგონია, ნინო ლომჯარიასა და პეტერ ფიშერს ამაზე ესაუბრათ. ფიშერსა და ლომჯარიას აქვთ დღის წესრიგი, რომელიც ერთსა და იმავე თემებს ეხება. ამ დღის წესრიგის იქით, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ არანაირი ახალი თემა არ არის შეთავაზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ყოფილი სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიასა და გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
ვოლსკის თქმით, პეტერ ფიშერთან შეხვედრები ეხება დღის წესრიგს, როგორმე საქართველოში შემოიტანონ გარკვეული რესურსი, რომელიც მოხმარდება ქვეყანაში ექსტრემიზმის განვითარებას და მოხდება საქართველოს დისკრედიტაციაც.
„უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იყენებენ შანტაჟისთვის. სხვა თემები არ განხილულა და არც განიხილება, რადგან სხვა რესურსი არ აქვთ. მათი მიზანია, როგორმე საქართველოში ბომბი ჩამოვარდეს, ეკონომიკური სანქცია დაწესდეს, ქუჩაში მეტი ხალხი გამოვიდეს და ა.შ. სხვა თემები არც არასოდეს განხილულა და არც განიხილება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.