პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილი მიესალმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და მისი თანმხლები დელეგაციის ვიზიტს საქართველოში და მადლიერება გამოხატა ღია და კონსტრუქციული დიალოგის წარმართვის მზაობისთვის. მან, აგრეთვე, ხაზი გაუსვა ეუთო/ოდირის ობიექტური ანგარიშის მნიშვნელობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო ეუთო-ს ერთგული და აქტიური წევრია და შემდგომშიც დაუჭერს მხარს ორგანიზაციის საქმიანობას.
პერე ჟოან პონს სამპიეტრომ განაცხადა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საერთო პლატფორმაა დიალოგისთვის და მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევებით აღსავსე სამყაროში, ეუთო-მ შეინარჩუნოს რელევანტურობა და შეძლოს ეფექტიანი საქმიანობის განხორციელება. მან აღნიშნა, რომ დელეგაციის ვიზიტი საქართველოში საოკუპაციო ხაზზე ვიზიტით დაიწყო და დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.
მხარეებმა ისაუბრეს უკანასკნელ წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი იღებს კანონებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ და აქტიურად მუშაობს ქართული დემოკრატიის დაცვაზე. მან, აგრეთვე, დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, გააგრძელოს მუშაობა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებაზე. ამ კუთხით, შალვა პაპუაშვილმა ახსენა პარლამენტის მიერ, გასულ წელს, ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება.
მხარეებმა დაადასტურეს დიალოგის გაგრძელების მზაობა.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს: თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯიამ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ, აღნიშნული დელეგაციის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ, დელეგაციის წევრმა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილმა.