უკრაინამ იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზების დასაცავად ჩამჭრელი დრონები და დრონების ექსპერტთა ჯგუფი გაგზავნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა დახმარება ხუთშაბათს სთხოვა და უკრაინული გუნდი მეორე დღეს გაემგზავრა.
„ჩვენ დაუყოვნებლივ ვუპასუხეთ. მე ვუთხარი: „დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს ექსპერტებს გამოვგზავნით“, - თქვა ზელენსკიმ.
აშშ-ისრაელის ომი ირანში მსოფლიო უკრაინის ომიდან ყურადღების გადატანის რისკს შეიცავს. თუმცა, ამან კიევს შესაძლებლობა მისცა, ახალ ფრონტზე თავისი გამოცდილება და მოწინავე ტექნოლოგიები გამოეყენებინა.
ზელენსკის თქმით, ირანში აშშ-ისრაელის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მას და მის გუნდს დახმარების თხოვნით ბაჰრეინის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, იორდანიის, ქუვეითის, კატარისა და საუდის არაბეთის ლიდერებმა მიმართეს.
ამავდროულად, უკრაინამ ასევე განაცხადა, რომ ის დახმარებას გაუწევდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს რუსეთისთვის ცეცხლის შეწყვეტისკენ სწრაფვის დიპლომატიური მხარდაჭერის სანაცვლოდ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანას რუსეთთან „ძალიან მჭიდრო ურთიერთობები“ აქვს.
„ამიტომ ვთქვი: „მისმინეთ, იქნებ ისინი რუსებს დაელაპარაკონ და რუსები გაჩერდნენ“, - თქვა მან და დასძინა: „ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ახლო აღმოსავლეთს დაცვაში“.
NYTმ-ის ანალიზით, უკრაინას ამჟამად შეუძლია რუსეთის თავდასხმის დრონების უმეტესობის განადგურება.
მედიის ცნობით, თებერვალში რუსეთმა უკრაინის ქალაქებში დაახლოებით 5000 ცალმხრივი თავდასხმის დრონი და სატყუარა განალაგა. უკრაინამ მათი დაახლოებით 87 პროცენტი ჩამოაგდო.