აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი სამშაბათს ისრაელში ჩავლენ. ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მე-12 არხს განუცხადა.
ვიზიტი ისრაელსა და აშშ-ს შორის უთანხმოების ფონზე დაიგეგმა, რადგან გუშინ ირანის ნავთობის ობიექტებზე ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით მოკავშირეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ.
ამერიკელმა უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ისრაელმა ვაშინგტონს წინასწარ აცნობა ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის გეგმების შესახებ, მაგრამ არ მიუთითა, რომ დარტყმები ასეთი მასშტაბური იქნებოდა.
მისი თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რომ ინფრასტრუქტურის დაბომბვამ, რომელიც საწვავით ასევე ამარაგებს თეირანის მშვიდობიან მოსახლეობას, შესაძლოა, საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს ირანის რეჟიმის გაძლიერებით და საზოგადოებრივი აზრის ისრაელისა და აშშ-ის წინააღმდეგ მიმართვით.