“ოპოზიციის ალიანსი” სწორედ ამ სახელით შედგა, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც პარტიებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და საერთო ალიანსის შექმნაზე შეთანხმდნენ.
მისი თქმით, ოპოზიციური გაერთიანება არ არის საკონსულტაციო ფორმატის და ის ერთიან მიმართულებასა და მოქმედებებზე არის დაფუძნებული.
"ჩვენ ვქმნით არა საკონსულტაციო ფორმატს, არამედ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის. ჩვენ ვთანხმდებით ერთიან მიმართულებაზე, ერთიან მოქმედებებზე, ჩვენ არ ვამბობთ უარს ჩვენს პოლიტიკურ იდენტობებზე, აქ ვქმნით ერთიან სიას, ამაზე ლაპარაკი ახლა არ მიმდინარეობს და არც ვიცით მომავალში იქნება თუ არა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ ვქმნით ერთიანად სამოქმედო ერთობას.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ახლა პოლიტიკური ერთობა და ეს მნიშვნელოვანია, როგორც წინაპირობა საზოგადოებრივი ერთობისთვის, ჩვენ ამაში გვინდა მონაწილეობა მივიღოთ და ვისაუბროთ საზოგადოების ძალიან ფართო ჩართულობით და აუცილებლად მთავარი კომუნიკატორი ჩვენთვის იყოს ის ადამიანები, ვინც 500-მდე დღეა უკვე აპროტესტებენ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს საქართველოში.
ამ შეთანხმების ნაწილიც არის ქცევის კოდექსი, რომელიც ძალიან მკაფიოა, რომელიც ერთიანად მოქმედების პრინციპებს ემყარება, თანასწორობის პრინციპებს ემყარება და ასევე ემყარება პასუხისმგებლობის პრინციპს," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.