სასტუმრო „თბილისი მარიოტში" ახალი პროექტის „საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა" განხილვა გაიმართა.
შეხვედრა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გახსნა.
მინისტრმა ახალი პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ცვილებების თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების პროცესში, პრობაციის სისტემის როლი იზრდება. კერძოდ, პრობაციის ბიურო მსჯავრდებულს განუსაზღვრავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახეს, ყოველდღიურ ხანგრძლივობას და მასზე მონიტორინგს განახორციელებს.
შეხვედრაზე იუსტიიის მინისტრის მოაგდილემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პროქტის მიზანია არა დამნაშავეთა საპყრობილეში მოხვედრა, არამედ მათთვის სასჯელის ალტერნატივის გამონახვა და მათი შესაძლებლობების ფარგლებში, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩართვა.
პროექტი "საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა" ორიენტირებულია ისეთ კანონდამრღვევებზე, რომელთაც არ ჩაუდენიათ მძიმე დანაშაული, არ აქვთ გირაოს გადახდის შესაძლებლობა და ამავდროულად საზოგადოებისათვის პოტენციურ საფრთხეს არ წარმოადგენენ.
დისკუსიისას ხაზი გაესვა ალტერნატიული სასჯელის იმ დადებით მხარეს, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულთა შემცირებას გამოიწვევს. ასევე, პროექტის ეფექტურად განხორციელებისთვის, შეხვედრაზე, კონკრეტული სამოქმედო გეგმა შემუშავდა.
მრგვალი მაგიდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და იუსტიციის სამინისტროების ორგანიზებით გაიმართა და მასში სასჯელაღსრულების, პრობაციის, იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლოს, თბილისის მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კანონპროექტი "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე" უახლოეს დღეებში მთავრობას წარედგინება, შემდეგ კი განსახილველად პარლამენტს გადაეცემა.