მთამსვლელის, არქეოლოგის, მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოტოგრაფის, გია თორთლაძის ფოტოგამოფენაზე, სახელწოდებით ,,დიდი მიქსი", წარმოდგენილი იქნება მის მიერ სხვადასხვა ექსპედიციებსა და მოგზაურობებში გადაღებული ფოტოები _ ისეთი დინამიური და ხელოვანთათვის საინტერესო თემად ქცეული ადგილები, როგორებიცაა აფრიკა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, ტიბეტი, ტაილანდი, ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია.
ფართო საზოგადოება გაეცნობა ევერესტის პირველი ქართული ექსპედიციისა და ცხრამეტი ექსპედიციის ხელმძღვანელის, გია თორთლაძის განსხვავებულ მხატვრულ ხედვას, შეიქმნის არა წარმოსახვით, არამედ რეალურ, კონტრასტულ სამყაროში მოგზაურობის განცდას. წარმოდგენილი ფოტოების საშუალებით, დამთვალიერებელი ნახავს გარემოს და ადამიანთა საცხოვრისს, დანახულს გია თორთლაძის თვალით, მსოფლიოს მიუწვდომელ წერტილებში, დაფიქსირებულს ემოციაში, მოძრაობაში, უჩვეულო სივრცეში და სხვადასხვა დროში.