ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ, განაცხადა, რომ ირანიდან კვიპროსის მიმართულებით, სადაც ბრიტანული სამხედრო ბაზებია განლაგებული, ორი რაკეტა ისროლეს. ამის შესახებ The Independent წერს.
„თითქმის დარწმუნებულები ვიყავით, რომ ისინი ჩვენს ბაზებს არ ესროდნენ“, - აღნიშნა მან.
თუმცა, ჰილიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს აჩვენებს, თუ რამდენად განურჩეველია“ ირანის საპასუხო ქმედება.
მისი თქმით, 300 ბრიტანელი ჯარისკაცი ბაჰრეინში სამიზნეებთან ახლოს იმყოფებოდა.
„ზოგიერთი მათგანი სარაკეტო დარტყმის ადგილიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით იმყოფებოდა“, - განაცხადა მინისტრმა.
გარდა ამისა, ჰილიმ, ირანელი ლიდერის ლიკვიდაციაზე კომენტირებისას, აღნიშნა: „აიათოლაჰის სიკვდილს ცოტა თუ იგლოვებს.“
მან ასევე ახსენა ირანის მიერ ორგანიზებული 20 ტერორისტული თავდასხმა ბრიტანეთის ქუჩებში, ათიათასობით მოქალაქის დაღუპვა და რუსეთისთვის 50 000 დრონის მიწოდება უკრაინაზე თავდასხმებისთვის.
„არ შეცდეთ, ეს არის რეჟიმი, რომელიც სხვა ქვეყნებს დევნის და არასდროს არ უნდა მიეცეს უფლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი...
„ვისაც უნახავს, როგორ გვემუქრებოდა ირანი, როგორ უჭერდა მხარს ტერორიზმს მთელ მსოფლიოში, როგორ იყო არასტაბილურობის წყარო რეგიონში და როგორ ავითარებდა ბირთვული იარაღის პროგრამას, არ შეუძლია ეჭვი შეიტანოს ამ რეჟიმის ხასიათსა და მის მიერ წარმოდგენილ საფრთხეში“, - განაცხადა ჰილიმ.
შეკითხვაზე, კანონიერი იყო თუ არა აშშ-ის ქმედებები, მან უპასუხა:
„ეს შეერთებულმა შტატებმა უნდა განსაზღვროს და ახსნას. ეს არ არის ჩემი, როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, საქმე, მე აქ იმისთვის ვარ, რომ დიდი ბრიტანეთის სახელით ვისაუბრო. შემიძლია ვისაუბრო ჩვენს ძალიან აქტიურ მონაწილეობაზე კოორდინირებულ თავდაცვაში მთელ რეგიონში.“
მისი თქმით, „ყველაფერი, რასაც დიდი ბრიტანეთი აკეთებს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ხდება“.
დიდი ბრიტანეთის ოპერაციის როლზე საუბრისას, ჰილიმ განაცხადა:
„როდესაც ჩვენი ბრიტანული თვითმფრინავები კატარიდან დაფრინავენ, ისინი იცავენ კატარისკენ მიმართული ნებისმიერი რაკეტისა და დრონისგან.
როდესაც ისინი კვიპროსიდან გაფრინდებიან, იგივეს აკეთებენ კვიპროსისთვისაც. თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენი თვითმფრინავები ჰაერში არიან და ხედავენ სხვა ქვეყნებისკენ მიმართულ რაკეტებს ან დრონებს, ისინი მათ ჩამოაგდებენ. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობ დიდი ბრიტანეთის როლზე რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებაში კოორდინირებული რეგიონული თავდაცვის ოპერაციების გზით, სწორედ ამას ვგულისხმობ.“