ჩვენი პოზიცია ცხადია, საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქართული ოცნების“ არა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვისას ევროპარლამენტარმა, ტობიას კრემერმა განაცხადა. მან ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს ანგარიშის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.
"ძალიან ნათლად აღწერეთ, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიული უკუსვლის დეფინიციაზე, ჩვენ ლექსიკონი აღარ გვჭირდება. უბრალოდ, უნდა ჩაფრინდეთ თბილისში და ყველაფერს ნახავთ. "ქართული ოცნება" აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ ძირი გამოუთხაროს საკუთარი ხალხის ევროპულ ამბიციებს. ისინი თვითონ აკეთებენ ყველაფერს, რომ პუტინზე დამოკიდებული გახდნენ, ეს საშინელი სტრატეგიაა ქართველი ხალხისთვის, რომელსაც არ შეუძლია თავისუფლად გამოხატოს პროტესტი. მოვისმინეთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დემონსტრაციების დროს. აქედან გამომდინარე, ევროკომისიის ანგარიში, ვფიქრობ, არის ძალიან სწორი, რომელიც ამბობს, რომ ეს ყველაზე ცუდი ანგარიშია კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის, რაც გვქონია. ქართულმა ოცნებამ უნდა გადაწყვიტოს, სად სურს სიარული. უნდათ ევროპისკენ სვლა? მაშინ უნდა იმოქმედონ და შეიცვალონ. თუ უნდათ, რომ იყვნენ რუსული ორბიტის ნაწილი? ერთადერთი, რაც ახლა იმედს იძლევა, არის თავად ქართველი ხალხი. მზია ამაღლობელის მსგავსი ადამიანების სიმამაცე, რომლებსაც ჩვენ გადავეცით სახაროვის პრემია. ასევე ის ადამიანები, რომლებიც ისევ ქუჩაში არიან, იმის მიუხედავად, თუ რა საფრთხეში იგდებენ თავს. ამიტომ ჩვენ წარვადგენთ შესწორებას, თუ როგორ შეგვიძლია ეფექტური სანქციების დაწესება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ისე, რომ არ ვავნოთ ქართველ ხალხს", - განაცხადა კრემერმა სიტყვით გამოსვლისას.