უკრაინის ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავზე ბრიტანეთის ელჩი საქართველოსგან რუსეთისათვის სანქციების დაწესებას ითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი გამოეხმაურა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩის, გარეტ უორდის განცხადებას, რომლის მიხედვითაც: „საქართველოს არავინ სთხოვს მეორე ფრონტის გახსნას. ეს დეზინფორმაციაა. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს შეუძლია, შეასრულოს თავისი როლი ევროპულ სანქციებთან შეერთებით“.
„უკრაინის ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავზე ბრიტანეთის ელჩი საქართველოსგან რუსეთისათვის სანქციების დაწესებას ითხოვს. უნდა მკაფიოდ ითქვას, სანქციების დაწესება ნიშნავს რუსეთთან ესკალაციას. ესკალაცია კი ნიშნავს ომს, რომელშიც მარტო ვიქნებით. ომის გამოსაწვევად ზოგჯერ ქვის სროლის ნაცვლაც, გინებაც საკმარისია. ეს კინო უკვე არაერთხელ გვაქვს ნანახი, თუ რა მოიტანა სხვების რჩევებზე აყოლამ. ოთხი წლის წინ, ომის დაწყების პირველივე დღეებში მკაცრად და მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველოს მიერ რუსეთისათვის სანქციების დაწესება არ შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში და საქართველოს არავისთან ამის გამო ბოდიში მოსახდელი არ აქვს. ბრიტანეთის ინტერესი ბრიტანელი და არა ქართველი ხალხის ინტერესია. ის, რომ „არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი“ მხოლოდ რიტორიკაა, რადგან ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. საკუთარი ინტერესებისათვის სხვების გაწირვა არასწორი და არასამართლიანია. მით უმეტეს, როდესაც იცი, რომ ესკალაციისათვის გაწირვას ომი მოჰყვება“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.