რეალობას ვუსწორებთ თვალს, ვისაც ქვეყნის მართვის პრეტენზია აქვს, სასურველი და რეალობა ერთმანეთში არ უნდა აერიოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დიდი სამხედრო გამოცდილება არ სჭირდება იმის მიხვედრას, რა მოხდებოდა, საქართველო რომ პროვოკაციას წამოგებოდა.
„განსაკუთრებული ნიჭით კი არ ვართ დაჯილდოებული, რეალობას ვუსწორებთ თვალს. ამ რეალობას სხვებიც ხედავენ, მაგრამ თვალს არ უსწორებენ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ საქართველოში მიღებული გახდა, სასურველი წარმოაჩინო რეალობად და მაშინ ხარ კარგი კაცი და კარგი ბიჭი. შეიძლება, ეს ბავშვს ეპატიოს, მაგრამ ვისაც ქვეყნის მართვის პრეტენზია აქვს, სასურველი და რეალობა ერთმანეთში არ უნდა აერიოს და ამაზე საუბარი არ უნდა მოერიდოს. ხომ არ ვამბობ, უკრაინა ასეთ მდგომარეობაში რომ არის, მომწონს-მეთქი, ვამბობ, რომ რეალობა ესაა. იმ ფონზე, როცა უკრაინა ლამის განადგურების პირასაა და ხალხი ყოველ დღე იხოცება, საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთთან ერთიანი უსაფრთხოების სისტემა უნდა ააშენოს. საოკუპაციო არმია 40 კილომეტრშია განლაგებული და მათ პროვოკაციას რომ წამოვგებოდით, რა დიდი სამხედრო ცოდნა სჭირდება იმას, რა დაგვემართებოდა? ამერიკა, ევროპა უკრაინას ეხმარებიან, მაგრამ ნახეთ, დახოცილთა რაოდენობა, ნგრევის დონე, ლტოლვილების რაოდენობა. საუბარია არა უკრაინის გამარჯვებაზე, არამედ უკრაინაში ომის გახანგძლივებაზე, უკრაინას ყოველ დღე ახვეწნინებენ, ეს რაკეტა მომეცი, ის რაკეტა, ამდენი მჭირდება, იმდენი. წარმოიდგინეთ, ჩვენ რა დღეში ვიქნებოდით, ამას სამხედრო სასწავლებლის დამთავრება არ სჭირდება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.