საზოგადოების წინაშე თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, გვეთქვა, „ლელო – ძლიერი საქართველო“ პოლიტიკურ პოზიციონირებას დამოუკიდებლად აპირებს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
„ერთი საკითხია, რეალური საფუძვლის გარეშე, შევიდეთ პროცესში, რომელიც იწვევს წარმოუდგენელ მოლოდინებს საზოგადოებაში და ამ მოლოდინებს ვერ ამართლებს. მეორეა, კრიზისი, რომელიც პოლიტიკურ ძალებს შორის არსებობს, საზოგადოების მხრიდან ასეთი პოლიტიკური პროცესების მისამართით, როდესაც შედეგი არ არის. პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის კრიზისს რაც შეეხება, ეს არ არის პირად წყენებზე დაფუძნებული, არამედ ეს არის ნდობის პრობლემა. ყველა მოთამაშე, ყველა ხელმომწერი შემდეგ პირნათლად შეასრულებს იმ დოკუმენტს, რომელსაც ხელს ვაწერდით, წინა პერიოდში ამის ძალიან მძიმე პრაქტიკა გვაქვს. ჩვენ არ ვაპირებთ თავი შევიზღუდოთ ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, რადგან ვთვლით, რომ ყველას უნდა ველაპარაკოთ, იქნება ეს გახარიას გუნდი თუ ის შვიდი თუ რვა პარტია. არსებობს ერთიანი სტრატეგია, ერთიანი გეგმა და ამას დამატებითი ხელმოწერები არ სჭირდება. არსებობს „ქართული ქარტია“, რომელიც არის ბოლო დროის ყველაზე მსუყე დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ყველა კომპონენტს. ჩვენ ამ დოკუმეტის ხელმომწერები ვართ და არსად არ წაგვიღია. ამას გარდა, მათი მხრიდან იყო ახალი რაღაცა ქცევის კოდექსზე საუბარი და ჩვენ ქცევის კოდექსს, რომლის მთავარი შინაარსი არის, რომ არ დავესხათ თავს ჩვენს კოლეგებს და ვკონცენტრირდეთ მხოლოდ ივანიშვილზე და ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ რეჟიმზე. ამ ამბავს ცალმხრივად ვასრულებთ უკვე დიდი ხანია“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.