აღარ გვინდა ყველა ეთერში დაჯდომა და თქმა, აი, „ლელო“ როგორი ცუდია, იმ გახარიას პარტიასაც დავანებოთ თავი, ყველას თავისი გზა აქვს, ყველა მინუს ივანიშვილი, ეს უნდა იყოს, არ აქვს ამას პარტიული კუთვნილება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, არ უნდა გაიკიცხონ ის ოპოზიციური ძალები, რომლებსაც ერთიანობა არ სურთ.
„ჩემი სასამართლო არ მიმდინარეობს, მე სასამართლო პროცესზე მოვდივარ თქვენს სანახავად და განცხადებებისთვის. მე-7 თვეა სასამართლო პროცესები ინიშნება, მაგრამ ჩემი სასამართლო არ მიმდინარეობს.
მინდა ერთიანობის საკითხს გამოვეხმაურო. ბიძინამ [ივანიშვილმა] პარტიები გააუქმა და მოქალაქეებს აუქმებს. მძიმე საყურებელია. მე, რომელ პარტიასაც წარმოვადგენ, მათ ვეტყვი, რომ არასდროს ვიყოთ ვინმეს ხელშემშლელები. სადაც ერთიანობა იქნება, იქ უნდა ვიყოთ. გთხოვთ, ვინც ამბობს, რომ ერთიანობა არ უნდა, თავი დავანებოთ, მათგან ზოგი ჩვენს საქმეს აკეთებს. არ გვინდა ერთმანეთის ლანძღვა. გავიგეთ, რომ „ლელო" არ შემოდის, არც გახარიას პარტია. ყველას თავისი გზა აქვს. ნურავის განსჯაში ნუ შედიხართ. ვინ ერთიანები ხართ, ისინი დაიგეგმეთ, არ გვინდა გაუგონარი სჯა-ბაასი. სამარცხვინოა ამის ყურება",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მისი წარსულში გაკეთებული განცხადებები, თანამდებობის პირების კორუფციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, პროკურატურას „შპარგალკით“ აქვს აღებული.
„როცა პარლამენტში ვიყავი და ვაცხადებდი, რომ მიქაუტაძე [ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე] კორუფციონერი იყო, ახლა დაიჭირეს, როგორც ღარიბაშვილზე ვაცხადებდი - იქიდან კი ისმოდა, რომ „მასხარაა", აი „ნაციონალური მოძრაობა". იგივე ჯუანშერზეც [თავდაცვის ყოფილი მინისტრი]. ლილუაშვილზეც ვამბობდი, რომ „ქოლცენტრები“ აქვს-თქო, მაგრამ არა ტყუილიაო, დღეს კი დაიჭირეს, მგონი ჩემს სართულზე. ფარცხალაძეზეც ვამბობდი და ტყუილიაო. ჩინი უნდა მოემატებინათ ჩემთვის და უნდა ეთქვათ „გამომძიებელი ხარო“. ჩემი გაკეთებული განცხადებები „შპარგალკით" აქვთ აღებული.
არ არსებობს საკითხი, რომელზეც ვამბობდი, რომ დანაშაულია და დღეს საქმე არ არის აღძრული. პროკურატურაში თავის დროზე განცხადებაც მქონდა შეტანილი, რომ სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხი ეგოთ. ერთადერთია კალაძე [თბილისის მერი, კახა კალაძე], რომელზეც დისერტაციას დავიცავ, იმდენი კორუფციული ფაქტი მაქვს.
რაც შეეხება ჩემს დანაშაულს, პოლიტიკური განცხადებების გამო ვარ დაკავებული. გელა ხასაიამ ვიღაც ცემაო და ნაცემი კაცი ჩაუდეს საქმეში. ვინმეს თუ იჭერენ, რაიმეს აბრალებენ მაინც. ჩემი ბრალი კი სულ 5 ფურცელია, სადაც რამდენიმე მოწმის ჩვენება და „ფეისბუქ“ სტატუსებია. მე არცერთ მოქმედებას არ მედავებიან. ჩემს საქმეში არ არის დაზარალებული, ვინმეს ქრთამი თუ შევთავაზე, ვინ დაზარალდა? ან მე რა სიკეთე მივიღე? ცოტა რაღაც რომ დაგებრალებინათ, ვიტყოდი მაბრალებენ-მეთქი",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.