რუსები ამ ომში არ იმარჯვებენ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
„მათ [რუსებმა] დეკემბერსა და იანვარში 65 000 ადამიანი დაკარგეს. ისინი ამ ომს არ იგებენ.
ისინი აღწევენ ძალიან მცირე წარმატებებს დონეცკსა და სხვა ადგილებში - იმდენად მცირეს, რომ თითქმის უმნიშვნელოა, მაგრამ სანაცვლოდ ამდენ ხალხს კარგავენ. თუ მოსკოვში არის დიქტატორი, რომელიც ამისთვის მზად არის, მაშინ საქმე გვაქვს პიროვნებასთან, რომელიც მზად არის ამ ომში საკუთარი ხალხის ასეთი დიდი რაოდენობა უაზროდ შესწიროს. ჩვენ ეს სერიოზულად უნდა მივიღოთ, რადგან ეს შეშლილი ადამიანის ქცევაა,“ - განაცხადა რუტემ.
ასევე, რუტე მომავალ კვირას აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილ სამმხრივ მოლაპარაკებებსაც გამოეხმაურა.
"პუტინი მომავალ კვირას ჟენევის მოლაპარაკებებზე ისევ იმ„ისტორიკოსს“ [მედინსკის] აგზავნის, რომელიც უკრაინელებს ლექციებს წაუკითხავს შვედეთზე ან სხვა მსგავს საკითხებზე,“ - თქვა მან.
ცნობისათვის, აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება. რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს.