გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა "დოიჩე ველესთან" ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს გამოსვლას „ძალიან პოზიტიური“ უწოდა.
მისი თქმით, რუბიომ, ნათლად განაცხადა, რომ აშშ-სა და ევროპას აქვთ „კულტურული კავშირები, საერთო ენა, საერთო დემოკრატიული საფუძვლები“.
„ვფიქრობ, მთავარი გზავნილი იყო: „მოდით, კიდევ ერთხელ გავაკეთოთ ეს“. ჩვენ წარმატებულები ვიყავით მთელი ცივი ომის განმავლობაში.
რკინის ფარდა დაეცა, გერმანია გაერთიანდა - ეს იყო ტრანსატლანტიკური ურთიერთობების, ჩვენი კავშირის და ნატო-ს წარმატება“, - თქვა ვადეფულმა.
„ეს გამოსვლა განსხვავდებოდა გასულ წელს მოსმენილისგან (აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის გამოსვლა მიუნხენში).
ეს იყო გამოსვლა საგარეო პოლიტიკაზე, მომავალ საფრთხეებზე. კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი მათგანია, ისევე როგორც, რა თქმა უნდა, მიგრაცია. ევროპის ბევრი ქვეყანა ებრძვის ამ გამოწვევებს და იღებს საპასუხო ზომებს, ისევე როგორც გერმანია... როგორც მისი გამოსვლა გავიგე: ჩვენ მოქნილი პასუხები უნდა გავცეთ და დოგმატურები არ უნდა ვიყოთ. ვერ ვიტყვი, რომ პრიორიტეტებთან დაკავშირებით 100 პროცენტით ემთხვევა ჩვენი შეხედულებები, მაგრამ ეს ევროპისა და შეერთებული შტატების მომავლის საერთო საფუძველია“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ვადეფულმა ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთი აშენებს თავის არმიას და ახდენს ხალხის მობილიზებას. ჩვენ იმ წერტილს მივაღწიეთ, სადაც რუსეთმა უნდა აჩვენოს, რომ მზადაა ომი დაასრულოს და რუბიომ თქვა, და ეს ჩვენი პოზიციაა, რომ რუსეთზე მეტი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ. პუტინს ეკონომიკური ზეწოლის ეშინია და ამან უნდა გამოიწვიოს გადაწყვეტილებების მიღება და ომის დასრულების ძიება“, - თქვა მან.