ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ა“ კორპუსთან „ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ“ აქცია დააანონსა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია დღეს, 12 თებერვალს, 19:00 საათზე დაიგეგმა.
მათი განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მხოლოდ პედაგოგიკის მიმართულებები რჩება, „ამ მრავალმხრივ წამყვანი უნივერსიტეტისთვის დანგრევის ტოლფასია.“
„ქართულმა ოცნებამ” განაცხადა ის, თუ რას უპირებს სახელმწიფო უნივერსიტეტებს და ამ ჩამონათვალში შეიტანა ილიაუნიც. ზემოხსენებული დოკუმენტის მიხედვით ილიაუნს მხოლოდ პედაგოგიკის მიმართულებები რჩება, რაც ამ მრავალმხრივ წამყვანი უნივერსიტეტისთვის დანგრევის ტოლფასია.
ჩვენ უახლოეს წარსულშიც ვნახეთ, რომ ერთიან აკადემიურ წინააღმდეგობას ნამდვილად აქვს აზრი. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენს ლექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტებს, ერთად შევეწინააღმდეგოთ ამ დამანგრეველ ცვლილებებს
არ გვაქვს უფლება დავთმოთ მრავალწლიან ისტორია, ღირებულებები და ხანგრძლივი შრომით მოპოვებული წარმატებები..
შემოგვიერთდით, ერთად დავიცვათ განათლება!“, -ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, განათლების მინისტრმა დაასახელა, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში - მედიცინის სპეციალობებზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე.
სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე.
ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას.
ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.