არაფერი მაქვს გასაყოფი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან, უბრალოდ, ვინც აქეზებს დაპირისპირებას, ეს ადამიანები უნდა დავაიდენტიფიციროთ და ვთქვათ, რომ მათ არ მოვუსმინოთ, არ მივაქციოთ ყურადღება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან განაცხადა, სადაც ნიკა გვარამიას დახვდა.
„ერთი ქვეყანა გვაქვს, ერთი სამშობლო გვაქვს, ერთად ვიცხოვროთ, ხომ არ დავჭამთ ერთმანეთს. მე ვიყავი ციხეში, მიპირებენ ისევ გაშვებას, მაგრამ მე ვდგამ პირველ ნაბიჯს, ღიად ვამბობ, რომ დაველაპარაკოთ ერთმანეთს, მოვუსმინოთ ერთმანეთს, ნორმალიზება მოვახდინოთ ამ სიტუაციის. ნუ გავაკეთებთ ისეთ საქმეს, რომელიც მართლა ჩვენი საგარეო მტრებისთვის იქნება მისაღები. ჩვენს ისტორიას გადავხედოთ – როცა ერთად ვართ, ვერავინ გვამარცხებს, როცა ერთმანეთს ვუპირისპირდებით, ძალიან მძიმე ვითარებაა. დღეს ქვეყანაში არის ძალიან მძიმე ვითარება და ამას სჭირდება ნორმალიზება, ამაზე თვალს არ ვხუჭავ, განსხვავებით თუნდაც იმ ადამიანებისგან, ვინც პირიქით, ახალისებს დაპირისპირებას“, – განაცხადა ვაშაძემ.