მამუკა მდინარაძე აშშ-ში ბოდიშის მოსახდელად თუ იყო არ ვიცი, მაგრამ წელგამართული რომ ჩასულიყო, ანონსიც იქნებოდა და პროპაგანდის მთელი ხაზიც მოქოქილი ამ ვიზიტის ირგვლივ - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია სუს-ის ინფორმაციას უწყების ხელმძღვანელის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესახებ.
"მამუკა მდინარაძემ თქვა ამერიკაში ვიყავი და უსაფრთხოებაზე ვილაპარაკეო. არც ფოტო, არ დეტალები შეხვედრების ირგვლივ. მხოლოდ ამბავი, რომლის შესახებ 4 თებერვალს უკვე ითქვა, რომ ის იყო შტატებში.
ასე იყო აწ უკვე დაჭერილი მისი წინამორბედი ლილუაშვილიც საიდუმლოდ ჩასული აშშ-ში 2024 წელს, რაც გახარიამ გაახმაურა მანამდე, თუმცა მდინარაძის შემთხვევაში კიდევ უფრო რთულადაა მოცემულობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სუს-ის უფროსის სავარძლიდან გააგრძელა ანტიამერიკული განცხადებები.
მამუკა მდინარაძემ 2025 წლის პირველ ოქტომბერს განაცხადა, რომ ტაილანდიდან ერთ-ერთი დიდი ქვეყნის საელჩოს „ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში“ და „დაახლოებით 95-98% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს“.
„ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული, რომელმაც თავისი ქვეყნის ხელისუფალი აირჩია იმისათვის, რომ, დავუშვათ, კი ბატონო, ებრძოლოს - მათი გადმოსახედიდან გასაგებია ყველაფერი - ჩინურ საფრთხეებს და ა.შ. მაგრამ ეს თანხა რეალურად სხვა მიზნობრიობით იხარჯება“.
ამას მალევე მოჰყვა ელჩი ტალიაშვილის დაბარება ვაშინგტონში, რასაც ირაკლი კობახიძე კატეგორიულად უარყოფდა, იქამდე სანამ თავად ამერიკიდან არ დაადასტურეს ეს ამბავი შემდეგნაირად:
„ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები უპასუხისმგებლოდ ავრცელებენ მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რამაც გამოიწვია საზოგადოების შევიწროებისა და დაშინების კამპანია, რომელიც მთლიანად ცრუ ინფორმაციაზეა დაფუძნებული“, - წერილობით უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვას საქართველოში აშშ-ის საელჩოს სპიკერმა.
საელჩოს სპიკერის თანახმადვე, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიბარა საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი, რათა „სერიოზული წინააღმდეგობა გამოეთქვა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომლებიც აძლიერებენ მედიაში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც არასწორად ახასიათებს აშშ-ის მთავრობის რუტინულ ფინანსურ ტრანსფერებს აშშ-ის ხელისუფლების ყოფილი თანამშრომლების მიმართ".
მოგვიანებით იყო აშშ-ს კანონმდებლების ერთობლივი წერილი, რომლებიც სუსის უფროსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ, ან შესაბამის რეაგირებას თხოვდნენ მთავრობისგან.
ჰოდა ბოდიშის მოსახდელად თუ იყო არ ვიცი, მაგრამ წელგამართული რომ ჩასულიყო, ანონსიც იქნებოდა და პროპაგანდის მთელი ხაზიც მოქოქილი ამ ვიზიტის ირგვლივ.
არადა რეგიონში ამერიკის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტით მშვიდობა ძლიერდება და ეს ვაიმშვიდობის დამცველები პასუხისმგებლები არიან ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის მოშლასა და ჩვენი დაბეჩავებული უსაფრთხოების და მშვიდობისთვის კიდევ უფრო მეტი საფრთხის შექმნაზე ოკუპანტ რუსეთთან მეგობრების გარეშე ქვეყნის დატოვების გამო", - წერს თეონა აქუბარდია სოციალურ ქსელში.