სალომე ზურაბიშვილი - რომ არა უნივერსიტეტი, რომელიც თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების კერად დარჩება, არ შეიძლება სახელმწიფო დამოუკიდებლად არსებობდეს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
„დღეს 8 თებერვალია და მინდა, ეს უდიდესი დღე მთელ საზოგადოებას მოგილოცოთ. 1918 წლის 8 თებერვალი ის დღეა, როცა საქართველოს უნივერსიტეტი, სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა. ეს მხოლოდ უნივერსიტეტის დაარსება კი არ იყო, ეს ამავე დროს იყო დამოუკიდებლობის პირველი ნაბიჯი. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა ორი რამით იწყება - ავტოკეფალიის გამოცხადებით და უნივერსიტეტის დაარსებით. უნივერსიტეტის დაარსება მოჰყვება, წლების განმავლობაში წერა-კითხვის საზოგადოების მუშაობას იმისთვის, რომ ქართული, ეროვნული სწავლება იმპერიის გარუსების შემდგომ საქართველოში დაბრუნებულიყო. იმ დროინდელი ინტელიგენციის ეს განუწყვეტელი მუშაობა ჩვენი უნივერსიტეტის დაარსების საფუძველია. ამიტომ არის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ასე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ვისაც გვჯერა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას არ აქვს სხვა ალტერნატივა, თუ არა რომ იყოს გაძლიერებული, იყოს ევროპული და ქვეყნის ნამდვილი მომავალი. ჩვენ, როგორც ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ უნივერსიტეტის დაარსების სათავეში იდგა, გვჯერა, რომ რომ არა დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, რომ არა უნივერსიტეტი, რომელიც თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების კერად დარჩება, მაშინ არ შეიძლება სახელმწიფო დამოუკიდებლად არსებობდეს. სახელმწიფოს სჭირდება თავისუფალი აზროვნება, ახალი თაობის თავისუფალ საფუძვლებზე აღზრდა და ამ ყველაფრის სიმბოლო არის ის, რაც ჩვენი დასაცავია - საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.