არიან ჯგუფები, რომლებიც ამბობენ, რომ ევროინტეგრაცია რისკებს შეიცავს. მზად ვართ ვისაუბროთ ამ თემაზე ნებისმიერ ჯგუფთან - მნიშვნელოვანია ინტეგრაციის პროცესში არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ევროკავშირში წევრობა იმიტომ არ გვინდა, რომ უბრალოდ მოინიშნოს საქართველო, როგორც წევრი და ევროკავშირის წევრი საქართველო დანგრეული იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა
ის გამოეხმაურა „ნეიტრალური საქართველოს” განცხადებას, რომ “რუსთავი 2-მა” და “იმედმა” საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით დებატებს უმოკლეს ვადაში უნდა გაუწიონ ორგანიზება.
„რაც შეეხება დებატებსა და დისკუსიას, მთავარი იდეა, როდესაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფთან შევიდეთ დებატებში, ერთადერთი პირობით, რომ ისინი აღიარებენ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და მის კონსტიტუციურ წესრიგს. ჩვენ ამავე დროს ვთქვით, რომ მზად ვართ ვისაუბროთ და დებატი გვქონდეს ნებისმიერ თემაზე. მათ შორის, არიან ჯგუფები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უმაღლეს განათლებას რეფორმა არ სჭირდება, მზად ვართ ამ ადამიანებთან შევიდეთ დისკუსიაში. არიან ჯგუფები, რომლებიც ამბობენ, რომ ევროინტეგრაცია რისკებს შეიცავს. მზად ვართ ვისაუბროთ ამ თემაზე ნებისმიერ ჯგუფთან. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ დებატებსა და დისკუსიაზე ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ევროინტეგრაციას რაც შეეხება, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვითქვამს, რომ ყოველთვის მნიშვნელოვანია ინტეგრაციის პროცესში არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ევროკავშირში წევრობა იმიტომ არ გვინდა, რომ უბრალოდ მოინიშნოს საქართველო როგორც წევრი და ევროკავშირის წევრი საქართველო დანგრეული იყოს. ვხედავთ ჩვენ რა ხდება უკრაინაში, მოლდოვაში. ინსტიტუციების განადგურება, ქვეყნის განადგურებაზე არაფერს ვსაუბრობ. მოლდოვის პრეზიდენტი საერთოდ ქვეყნის გაუქმებაზე საუბრობს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვენი ევროინტეგრაციის გზა. უკრაინული და მოლდოვური გზა ჩვენი გზა არ არის. ჩვენ სხვა გზით მივდივართ, ჩვენი სახელმწიფოებრიობით, ჩვენი დამოუკიდებლობით, ჩვენი ინტერესების პატივისცემის გზით მივდივართ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ აგვერიოს ევროინტეგრაცია მორჩილებაში და საკავშირო გაერთიანებაში შესვლაში. ისე როგორც ვიყავით საბჭოთა კავშირის დროს, როცა იყო ცენტრი მოსკოვი და ახლა უნდა იყოს საკავშირო ცენტრი ბრიუსელში, საკავშირო მთავრობით. ასე რომ, ჩვენ ამ გზით მივდივართ, ამ მხრივ გამოწვევებია ევროკავშირში. დღევანდელი ბრიუსელი, რა თქმა უნდა, სრულად არის აცდენილი იმ ღირებულებებს, რომელზეც საქართველო დგას. ის პოლიტიკა, რომელიც დღეს ბრიუსელს აქვს, ეწინააღმდეგება ქართულ ღირებულებებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ცვლილებები მოხდეს ბრიუსელში, დაუბრუნდეს ბრიუსელი ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, რომელიც შესაბამისად პასუხობს ქართულ ღირებულებებს.
ევროინტეგრაცია არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა, 78-ე მუხლით, რომელსაც წინ უძღვის 77 მუხლი, სადაც არის დამოუკიდებლობის საკითხი, ჩვენი ინსტიტუციების დამოუკიდებლობის საკითხი. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ბრიუსელს მივცეთ შესაძლებლობა, ხელი აფათუროს ჩვენს კონსტიტუციურ ორგანოებში, ბრიუსელიდან დაგვინიშნონ მოსამართლეები და პროკურორები, ამას არ ვაპირებთ. ვაცნობიერებთ ამ გზის სირთულეს და მნიშვნელოვანია, რომ ეს გზა სწორად გავიაროთ. ვინმე თუ ხედავს რისკებსა და საფრთხეებს, მზად ვართ ავუხსნათ, რომ არის რისკები და ამ რისკებს სჭირდება მყარი სუვერენული პასუხები. როდესაც ევროინტეგრაცია ზოგიერთის მხრიდან გაიგება როგორც ქვეყნის დამორჩილება, როგორც ბალტიელი პოლიტიკოსები გვიპირებენ, რომ მათ ჭკუაზე უნდათ გვატარონ. საბჭოთა კავშირში ვერ გვატარეს თავის ჭკუაზე და ახლა უნდათ ევროკავშირის ეგიდით დაგვიქვემდებარონ, თავის ჭკუაზე გვატაროს ზოგიერთმა ბალტიელმა პოლიტიკოსმა. რა თქმა უნდა, ეს არავის გაუვა. ეს არ არის ევროკავშირი. ეს უნდა ვაჩვენოთ ჩვენ, მათ შორის მათ, ვისაც აქვს გარკვეული კითხვები და ხედავს რისკებს. უნდა ვაჩვენოთ, რომ ის, რასაც დღეს ვხედავთ, ეს არ არის ევროკავშირის ჭეშმარიტი სახე. ბრიუსელი დღეს მიდის არასწორი გზით. მისი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აშშ ამას ყოველდღე უმეორებს, რომ გაჩერდით! არასწორი გზით მიდიხართ! გამოფხიზლდით! დაუბრუნდით ევროპულ ღირებულებს! ჩვენც ამას ვეუბნებით. ამიტომ პრობლემა არის არა ევროკავშირსა და ევროპულ ინტეგრაციაში, თუ ვინმე ამ რისკებს ხედავს, პრობლემა არის ბრიუსელში, რომელიც დღეს აბსოლუტურად ამოვარდნილია ევროკავშირის ღირებულებისგან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.