შეგვიძლია ვთქვათ, ყინული დაიძრა. როგორც იქნა, ევროპის საბჭომ აღიარა, რომ გარე ჩარევები პრობლემაა, ეს არ არის ცალკეული პოლიტიკური პროცესებიდან ნაკარნახევი ხელოვნურად შექმნილი საკითხი, არამედ ეს არის რეალური პრობლემა, რომლის წინაშეც არა მხოლოდ საქართველო, ევროპის საბჭოს ბევრი წევრი სახელმწიფო დგას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„ევროპის საბჭომ გადაწყვიტა, მოიკვლიოს, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ევროპის საბჭოს ფარგლებში და საუბარია იმაზე, რომ ამ სახელმწიფოებს კონკრეტული მექანიზმები შესთავაზოს, რა შეიძლება, იყოს გამოსავალი, რომელიც ერთი მხრივ, პატივს სცემს კონსტიტუციურ წეს-წყობილებას, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივაც გამართული იქნება. სწორედ ამ კონტექსტში მოგვმართა საქართველოსაც და აინტერესებს, რა გამოცდილება გვაქვს ამ მიმართულებით. ბევრი ჩამონათვალია საბოტაჟიდან დაწყებული, არჩევნებში ჩარევით დამთავრებული. ჩვენ ჩვენს გამოცდილებას, კანონმდებლობას, ნაბიჯებს და გადაწყვეტილებებს თავი მოვუყარეთ და მივაწოდეთ. ჩვენ გადავუგზავნეთ საქართველოს გამოცდილება უცხოურ გავლენებთან გამკლავების და ბრძოლის მიმართულებით. რაც კი იყო კანონმდებლობა – გამჭვირვალობის კანონიდან დაწყებული უკანასკნელი კანონპროექტებით დასრულებული. გადავუგზავნეთ, გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ ებრძვის საქართველო ამ კონკრეტულ პრობლემას. დანარჩენი ევროპის საბჭოს გადასაწყვეტია, ნახონ, რა იქნება საუკეთესო გამოცდილება მათთვის ისეთი, რაც ევროპის საბჭოს სხვა ქვეყნებმაც შეიძლება გამოიყენონ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.