რუსთავის მე-12 ციხეში პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების მონახულების შემდეგ სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მათს უმრავლესობას, - სხვა არაერთი ბრალდებულის მსგავსად, - არ აქვს გარესამყაროსთან კავშირის საშუალება და მხოლოდ ადვოკატთან და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან კომუნიკაცია შეუძლიათ. ამის შესახებ იოსელიანმა "TV პირველის" ეთერში ისაუბრა.
"დღეს ვიმყოფებოდი მე-12 დაწესებულებაში, სადაც ბრალდებულები და მსჯავრდებულები მოვინახულე. შემიძლია გითხრათ ძალიან ზოგადად ის, რომ მათი ციხეში, საპატიმროში ყოფნის პირობები შევამოწმე უშუალოდ საკნებში, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავესაუბრე, მოპყრობაზე, ყველა იმ საკითხე, რაც ზოგადად პატიმრისთვის მნიშვნელოვანია არის, მოვისმინე მათი წუხილებიც, შენიშნვებიც.
გამოვყოფ ერთ საკითხს, რომელიც ფაქტობრივად ყველა მათგანს აწუხებს და არა მარტო ამ მსჯავრდებულებზე და ბრალდებულებზეა საუბარი, კი მათზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს საკითხი აწუხებს ძალიან ბევრ ბრალდბეულს, აქ საუბარი არის გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, როდესაც გარე სამყაროსთან მათ აკრძალული აქვთ კომუნიკაცია, გარდა ადვოკატის და გარდა სახალხო დამცველის წარმომადგენლებისა და განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვან შვილებს, მათ არ აქვთ საშუალება, რომ კომუნიკაცია ჰქონდეთ თავიანთ ოჯახის წევრებთან.
ეს საკითხი ჩვენ დავინახეთ ლევან ხაბეშვილის შემთხვევაში, როდესაც აქციაც მოაწყვეს მისმა ოჯახის წევრებმა და მე შეხვედრაც მქონდა მის წარმომადგენლებთან, მის დედასთან, მეუღლესთან და ამის შემდეგ დავინტერესდით ამ საკითხით და აღმჩნდა, რომ ეს ბერ ადამიანს აწუხებს. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩემს მიერ დღეს მონახულებულ ადამიანებთაგან, უმრავლესობას შეიძლება ეს საკითხი აწუხებს და მნიშვნელოვანია, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ.
დიახ, მათაც [ლილუაშვილს, ღარიბაშვილს] აქვთ [შეზღუდვები], ყველა ჩემს მიერ მონახულებულ ბრალდებულს ასეთი შეზღუდვა აქვს, არ ვსაუბრობ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც მსჯავრდებულია და მას ასეთი შეზღუდვა ამ ეტაპზე არ აქვს, მაგრამ ბრალდებულებს ასეთი შეზღუდვა ყველას აქვს, მათ შორის იგივე შეზღუდვა აქვს ალეკო ელისაშვილსაც, რომლისთვისაც ასევე ეს საკითხი, როცა შევხვდი მანაც მთხოვა ამ საკითხზე მიმექცია ყურადღება იმიტომ, რომ მასაც აწუხებს თავის არასრულწლოვან შვილებთან შეხვედრის საკითხი და ეს ის საკითხია, რაც მე ვფიქრობ, რომ უნდა გადაწყდეს..." - განაცხადა ლევან იოსელიანმა "TV პირველის" ეთერში.
ლევან იოსელიანმა საპატიმროში არსებულ კიდევ ერთ პრობლემაზე ისაუბრა, რომელზეც დღეს მონახულებული პატიმრები საუბრობენ, ეს სასეირნო სივრცე და სეირნობისთვის განკუთვნილი დროა.
სახალხო დამცველის თქმით, სხვა პრობლემებთან ერთად ეს საკითხიც მოხვდება მის ანგარიშში.
"ერთ-ერთი საკითხი, რაც ასევე ზოგადად სისტემურ პრობლემად მიმაჩნია, ეს არის სასეირნო დროის ხანგრძლივობა, ეს არის ერთი საათი და ის სივრცეები სადაც ხდება მათი გაყვანა ის პრაქტიკულად ეზო არ არის, ის არის ბეტონის სივრცე, გადახურული არის ზევიდან სეტკით, რაღაც ასეთი კონსტრუქციით და ფაქტობრივად არ იძლევა იმის განცდის საშუალებას, რომ ადამიანი არის ისეთ სივრცეში, რომელიც სეირნობისთვის შესაბამისია და ხანგრძლივობა არის საკმაოდ მცირე, ერთი საათი. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დიდი ხანია უკვე ვსაუბრობ, რომ ეს ვადა მიგვაჩნია, რომ უნდა გაიზარდოს და ის სივრცეები, სადაც პატიმრების სასეირნოდ გაყვანა ხდება, უნდა იყოს ადეკვატური სეირნობის შინაარსთან.
დიახ, ესეც იყო დღევანდელი შეხვედრის დროს [დასმული პრობლემა]. არა, ყველას არ დაუსახელებია, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა ეს საკითხიც წამოწია. [...] რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება ჩემს ანგარიშში," - თქვა ლევან იოსელიანმა.