მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ საჯარო მმართველობასა და საკანონმდებლო რეფორმებში ტექნოლოგიების როლზე ისაუბრა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, თანამედროვე სამყაროში სამართალი, პოლიტიკა და ტექნოლოგიური ინოვაციები უნდა ფუნქციონირებდეს როგორც ერთიანი სისტემა და არა ერთმანეთისგან განცალკევებული სფეროები.
მინისტრმა ხაზი გაუსვა კანონშემოქმედებითი პროცესების გამჭვირვალობას და ციფრული ინსტრუმენტების როლს ამ პროცესში. პაატა სალიამ, ასევე, ისაუბრა საჯარო მმართველობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასა და მის მნიშვნელობაზე.
„ჩვენ, ასევე, აქტიურად ვიყენებთ ტექნოლოგიურ სიახლეებს საერთაშორისო სასამართლო დავებსა და არბიტრაჟში... ეკონომიკური ეფექტიანობის მკაფიო მაგალითს წარმოადგენს საქართველოს საჯარო რეესტრის სერვისები, რომლებიც გონიერი კონტრაქტის საფუძველზეა შექმნილი და უზრუნველყოფს უძრავი ქონების ტრანზაქციების სრულ დისტანციურ განხორციელებას გადახდიდან საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე უსაფრთხო ციფრული იდენტიფიკაციის გამოყენებით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტორებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე ინვესტორებისთვის. მსოფლიო მთავრობათა სამიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 3-5 თებერვალს იმართება. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.