საქართველოსა და აშშ-ის საგარეო უწყებებს შორის სამუშაო ურთიერთობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა ჰქონდა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„აშშ-სა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის სამუშაო ურთიერთობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს. ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება. რაც შეეხება ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს, ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ. მნიშვნელოვანია მზაობა, რომელიც ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან არსებობს. ჩვენი მზაობაა, რომ დავივიწყოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელსაც წინა ადმინისტრაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებდა - მათ შორის, არჩევნებში ჩარევის გზით, რასაც ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას წარმოადგენდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ეს ფურცელი გადაიშალოს და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბრენდან ჰანრაჰანს შორის შეხვედრა გაიმართა.
როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.