შვედი პარლამენტარი გუსტაფ გოთბერგი “ქართული ოცნების“ დეპუტატს, ირაკლი კირცხალიას განცხადებას ეხმიანება.
"საქართველო კრემლის მიერ შთაგონებული კოშმარის გზაზეა. გზა გაკვალულია ქართველების თვითნებური დაპატიმრებებით, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებითა და საერთაშორისო იზოლაციით. ეს პარლამენტის წევრი საკუთარი ხალხის დაცვას ტყუილისა და შვედეთის შეურაცხყოფის თქმას ამჯობინებს. ძალიან უხერხულია."
შეგახსენებთ, დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა:
"ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო პერიოდში შვედეთში უკიდურესად არის გაზრდილი დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თქვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში გაზრდილია ორგანიზებული დანაშაულის რისკის დონე და, ზოგადად, შვედეთში გაზრდილია კრიმინალის მაჩვენებელი. შემაშფოთებელია, რომ შვედეთში ბანდების მიერ სროლები და აფეთქებები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად გაიზარდა.
გვაშფოთებს ეკონომიკური სტაგნაცია თქვენს ქვეყანაში და ფაქტი, რომ შვედეთის ეკონომიკა მაღალი ინფლაციის, სუსტი შიდა მოთხოვნის და საყოფაცხოვრებო ვალების გამო სირთულეების წინაშე დგას. ასევე, შემაშფოთებელი ფაქტია, რომ სამწუხაროდ, თქვენს მოქალაქეებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ მკურნალობის მისაღებად. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მიერ გამოხატული შეშფოთება დაფუძნებულია ფაქტებზე, სტატისტიკაზე და ობიექტურ მოცემულობაზე".
კირცხალიას უკმაყოფილება გამოიწვია ფაქტმა, რომ შვედეთმა მხარი დაუჭირა საქართველოში "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებას.