„ქართული ოცნების“ წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, თუ „ოცნების“ პარლამენტი დათანხმდება, შესაძლოა „კონსტიტუციური ორგანოების არცნობის“ შესახებ მოწოდება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.
გორდულაძემ უპასუხა ლევან მაჭავარიანს, რომელმაც მას კითხვა დაუსვა:
„ხომ არ ფიქრობთ რამე ტიპის სანქციებზე იმ პოლიტიკური ჯგუფების თუ აქტივისტების მიმართ, რომლებიც [„არ ცნობენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას, ქმნის პარალელურ სტრუქტურებს, ბოიკოტს უცხადებს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ხელს უშლის პოლიციის მუშაობას, ამტკიცებს, რომ ქვეყანა ოკუპანტი ძალისგან იმართება და სხვებსაც მოუწოდებს ანალოგიური ქმედებებისკენ“] ანალოგიურ ქმედებებს ჩადიან?“
„მიმაჩნია, რომ სწორია, მართებულია, როდესაც პირები საჯაროდ მოუწოდებენ სხვებს, რომ არ სცნონ ლეგიტიმაცია კონსტიტუციური ორგანოებისა, მოუწოდებენ სხვებს, რომ არ დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობას, ამავდროულად აცხადებენ და სხვებსაც მოუწოდებენ, რომ ჩაერთონ კამპანიაში, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება არის ქართველი ხალხის მიერ არჩეული და არა რომელიმე სხვა ქვეყნისგან თუ ძალისგან მართული… ამ შემთხვევაში რომ პასუხისმგებლობა იყოს დაწესებული და მათ შორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ლეგიტიმურ მიზანს, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას უზრუნველყოფს, პირდაპირ შეესაბამება და შესაძლებელია წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყოს“ - განაცხადა გორდულაძემ.