საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ირანი აშშ-ს სამხედრო ჩარევის თავიდან ასაცილებლად დათმობებზე უნდა წავიდეს. ამის შესახებ მინისტრმა Libération-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბარომ აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის მზადება დაიწყო.
„ამავდროულად, [აშშ-მა] რეჟიმს მოლაპარაკებები შესთავაზა, რითაც შეუძლიათ ისარგებლონ, წავიდნენ მნიშვნელოვან დათმობებზე და პოზიციის რადიკალურ შეცვლაზე“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან დასძინა, რომ ირანმა „უნდა შეწყვიტოს საფრთხედ ყოფნა თავისი რეგიონული მეზობლებისა და ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებისთვის და ირანელმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს თავისუფლება“.
ბარომ მოუწოდა თეირანს, შეწყვიტოს რეპრესიები და საინფორმაციო ბლოკადა, გაათავისუფლოს დაკავებულები და მისცეს საფრანგეთის მოქალაქეებს, სესილ კოლერს და ჟაკ პარისს, ქვეყნის დატოვების უფლება.
საფრანგეთის მოქალაქეები 2022 წლის მაისში დააკავეს და „ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა საბოლოოდ გაათავისუფლეს მოგზაურობის აკრძალვით. მას შემდეგ ისინი საფრანგეთის საელჩოში ცხოვრობენ.
შეგახსენებთ, 28 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისკენ უზარმაზარი არმადა მიემართება და ირანს მოუწოდა სწრაფად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და გააფორმოს სამართლიანი შეთანხმება - ბირთვული იარაღის გარეშე.
„იმედია, ირანი სწრაფად დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან და მოლაპარაკებას დაიწყებს სამართლიან და თანასწორ შეთანხმებაზე - ბირთვული იარაღის გარეშე - ისეთზე, რომელიც ყველა მხარისთვის კარგი იქნება. დრო იწურება, ეს ნამდვილად არსებითია! როგორც ერთხელ უკვე ვუთხარი ირანს, დადეთ შეთანხმება! მათ ეს არ გააკეთეს და იყო „ოპერაცია „შუაღამის ჩაქუჩი“, ირანის მასშტაბური განადგურება. შემდეგი თავდასხმა გაცილებით უარესი იქნება! არ დაუშვათ, რომ ეს ისევ მოხდეს“,-აღნიშნა ტრამპმა.