ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის თქმით, გუშინ გაიგო, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთიანდება.
"რა თქმა უნდა, კონსულტაციები იყო და ვისაუბრეთ ამაზე. დღევანდელი ხელისუფლება არ ჰგავს [მიხეილ] სააკაშვილს და გვექნება კონსულტაციები აკადემიურ საბჭოსთან, ფაკულტეტებთან და ერთად ვიმსჯელებთ", - განუცხადა გურგენიძემ "რადიო თავისუფლებას".
"მე [პირველი პირი] არჩეული ვარ, ვინც ამირჩია, იმასაც ხო უნდა გავაგებინო მიღებული გადაწყვეტილება, არა?! [ტელეეთერიდან] გაიგეს, მაგრამ იქნება ამაზე მსჯელობა. როგორც იქნება უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის კარგი, საზოგადოებაც და აკადემიური საბჭოც ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს", - თქვა მან..
იქნება თუ არა ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ეს გადაწყვეტილება მომგებიანი, გურგენიძემ ეპასუხა:
"როგორი ტექნოლოგიური სკოლა იქნება ამ გაერთიანებულში, ამაზე არ ყოფილა ჯერ მსჯელობა. ამას, როცა ერთად გავივლით ბატონ მინისტრთან, მოვახსენებ ამას ჩემს აკადემიურ საბჭოს, ფაკულტეტების საბჭოს. წყნარად იქნება [გადაწყვეტილება] მიღებული, ყოველგვარი ექსცესების გარეშე"
შეკითხვაზე" "თქვით, რომ გადაწყვეტილებაზე არ გისაუბრიათ აკადემიურ სფეროსთან, არ იცით, როგორი გახდება თქვენი ტექნიკურ-მატერიალური ბაზა. მაშინ, რით დაგითანხმეს?
გურგენიძემ თქვა: "ჩემი თანხმობა ან ართანხმობა არაფერს არ ნიშნავს. ამაზე მსჯელობა იქნება და აკადემიური საბჭო გამოხატავს თავის აზრს. შეხვედრები მექნება. ჯერ ერთი საათი არ მცალია, ბატონ პრეზიდენტთან მივდივარ დაჯილდოებაზე. მოვალ და მექნება შეხვედრები. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესორები და სტუდენტები.
იქნებ და უკეთესია... ვითარდება ყველაფერი. იქნებ და ისეთი ტექნოლოგიური სკოლა იქნება, რომ გამოგვადგება შემდეგში"
ჟიურნალისტი: თქვენი აზრი როგორ არ არის მნიშვნელოვანი?!
"ჩემი, ერთი კაცის აზრია, რომ ჯერ მთავრობისგან უნდა მივიღო დასტური იმისა, რა ტექნოლოგიური სკოლა იქნება, რომ ამ ადამიანებს ავუხსნა. კიდევ ერთხელ ვიძახი, ღრმად მწამს, დღევანდელი ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც ამას აკეთებდა ადრე და ვერ გააკეთა.
ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს ჩვენ როგორც მინისტრთან, ისე პრემიერ-მინისტრთან.
მე გეუბნებით, რომ მექნება შეხვედრები და ვიმსჯელებთ... იქნებ და ისეთი ტექნოლოგიური სკოლა იქმნება, როგორიც ყველას გაუხარდება", - თქვა გურგენიძემ.
შეკითხვა: გუშინ გაიგეთ, რომ თსუ-ს უერთდებოდით?
გურგენიძე: "გუშინ გავიგეთ, რომ ეს აზრი იყო".