ჩვენი მიზანია, ქვეყანამ გარე ჩარევები მაქსიმალურად გააკონტროლოს. ესკალაციის გაგრძელებას თუ აპირებენ, ეს მათი არჩევანია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილს კითხვა დაუსვეს უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით მარტა კოსისა და კაია კალასის განცხადებებზე.
„ეს კანონმდებლობა სწორედ იმის შედეგია, რომ მთავრობასთან არ საუბრობენ და დიალოგში არ არიან. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მთავრობის გვერდის ავლით საკუთარი ქმედებები განახორციელონ. ახალი ველოსიპედის გამოგონება თუ არ სჭირდებათ, მარტივი გამოსავალია – მთავრობას ესაუბრონ იმ პროცესებზე, რასაც ისინი ახალისებენ საქართველოში. დაკეტილი კარის პოლიტიკას თუ გააგრძელებენ და არ ისაუბრებენ, მსგავსი კანონების მიღების საჭიროება ბუნებრივად ჩნდება. საუბრის და დიალოგის ნაცვლად, რადიკალურ ქმედებებს ვხედავთ, რასაც ისინი საქართველოში სხვადასხვა ფორმით ახალისებენ. მათი მიზანი. ჩანს, არის, გამჭვირვალობის კანონმდებლობას გვერდი აუარონ. რატომ ხდება გვერდის ავლა, თუ მიზანია კანონის ფარგლებში, ამ პროცესებში საქართველოს ინტერესებით შემოსვლა? მაშინ გამჭვირვალობას რატომ გაურბიან? პირიქით უნდა იყოს. გეოპოლიტიკურ ქაოსში სხვადასხვა ინტერესის დაბალანსება გვიწევს. ჩვენი მიზანია, ქვეყანამ გარე ჩარევები მაქსიმალურად გააკონტროლოს. ესკალაციის გაგრძელებას თუ აპირებენ, ეს მათი არჩევანია. ჩვენ მარტივ გამოსავალს ვთავაზობთ, ხელისუფლებას ესაუბრონ, დიალოგში შემოვიდნენ და არა იმ რადიკალურ ძალებთან, ვისთანაც ურთიერთობა აქამდე ჰქონდათ. არჩევანი იმაზე მკაფიოა, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ – მთავრობას ესაუბრონ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.