მაია სანდუ შეუფერებელია იმ თანამდებობისთვის, რასაც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი ჰქვია. იმ სამყაროში ვცხოვრობთ, როდესაც ადამიანი ყოველგვარი რეალური ანალიზის, მტკიცებულების გარეშე, სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის უპატივცემულობით ნებისმიერ განცხადებას აკეთებს, რათა ვიღაცას ასიამოვნოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა მაია სანდუს განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ“.
„ეს განცხადება გააკეთა, რადგან ასეთი დავალება აქვს მიღებული. ეს ადამიანი შეუფერებელია იმ თანამდებობისთვის, რასაც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი ჰქვია. ეს ადამიანი ამბობს, რომ რეფერენდუმის შემთხვევაში, თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმებას და რუმინეთთან შეერთებას დაუჭერს მხარს. ასეთი ადამიანი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ ნებისმიერ დავალებას შეასრულებს. იმ სამყაროში ვცხოვრობთ, როდესაც ადამიანი ყოველგვარი რეალური ანალიზის, მტკიცებულების გარეშე, სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის უპატივცემულობით ნებისმიერ განცხადებას აკეთებს, რათა გაბანკროტებული პოლიტიკური მდგომარეობა გადაარჩინოს და ვიღაცას ასიამოვნოს. ამ პერიოდში ვცხოვრობთ და, სამწუხაროდ, ზუსტად ამ პერიოდის სახეა მოლდოვის პრეზიდენტი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.