ქართველი ხალხის მთავარი დამცველი არის ის საქმე, რაც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში გაგვიკეთებია. ამის დანახვაა საჭირო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გამოცემა The Hill-ს სტატიაზე, რომლის მიხედვითაც, „ტეხასური ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი საქართველოს მიმართ სანქციების კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ ლობირებს“. სტატიის თანახმად, ამერიკული ენერგოკომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტივ ნიკანდროსი რესპუბლიკელ კონგრესმენებს „მეგობარი აქტის“ წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არაფრის ლობირებას არ აპირებს.
"ვერ გეტყვით, რას ეფუძნება ან რა ფაქტობრივი წინაპირობები უდგას ამგვარ განცხადებებს. საქართველოს ხელისუფლების სახელით შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ არაფრის ლობირებას არ ვაპირებთ და არ ვსაჭიროებთ, .... შიდა პოლიტიკური საკითხები არ ვიცი, მათი გადასაწყვეტია, ჩვენ ზოგადად ვფიქრობთ, რომ თავისთავად არ არის სწორი სისტემა, როდესაც რაღაც ლობისტური ძალისხმევებით – აშშ-შიც ეს არაერთხელ გამხდარა სკანდალის საფუძველი – სხვადასხვა ლობისტური ინტერესით, არა გულწრფელი პოლიტიკური მოტივაციით და პოლიტიკური იდეების საფუძველზე, არამედ რაღაც სარგებლის სანაცვლოდ ხდება ესა თუ ის მოქმედება, მაგრამ ამაზე ვერაფერს ვიტყვი. მთავარია, თუნდაც ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებითაც, რომ უნდა შეწყდეს ანტიქართული რიტორიკა, რათა მოხდეს ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეკითხვაზე, „რამე არაფორმალური გარიგება არსებობს „ქართულ ოცნებასთან“, თუ რატომ ლობირებს სტივ ნიკანდროსი ასე თავგამოდებით?“, – პაპუაშვილმა უპასუხა: „არანაირი. არ ვიცი, საერთოდ სტატიაში რაზეც არის საუბარი, რამდენად სწორია, თუ არ არის სწორი. ჩვენ ამ საკითხთან არანაირი კავშირი არ გვაქვს და ქართველი ხალხი არანაირ დაცვას და წარმოდგენას არ საჭიროებს. ქართველი ხალხის მთავარი დამცველი არის ის საქმე, რაც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში გაგვიკეთებია. ამის დანახვაა საჭირო, მეტი არაფერი, იმისთვის, რომ გააზრებული იყოს, რა როლი აქვს თავის დროზე საქართველოს შეტანილი ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში. ასე რომ, ქართველ ხალხს არაფერი დასაცავი არ აქვს“.