მაია სანდუ დღეს არის ის მყვირალა ხმა, რომელმაც საქართველოზე დამაზიანებელი კომენტარები უნდა გააკეთოს, იმის მიუხედავად, რომ არც სამსახურებრივად, არც საქმიანად, არც ეროვნულად და არც არაფრით მას არაფერი ესაქმება საქართველოს შიდა საქმეებში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მახაშვილმა კომენტარი გააკეთა მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებაზე. მაია სანდუმ აღნიშნა: „რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ“.
„იმ ისტორიასა და იმ განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ, რაც საქართველოსთან დაკავშირებით აქვს გაკეთებული, ალბათ ყველაფერი ნათელი იქნება. საზოგადოებას კარგად ახსოვს, 4 ოქტომბერს, საკუთარი განცხადებებით როგორ უჭერდა მხარს ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას. ამიტომ, ყველაფერი გასაგებია. როგორც ჩანს, ეს ერთიანი დიდი პროცესის გაგრძელებაა. დღეს ეს არის ის ადამიანი, ის მყვირალა ხმა, რომელმაც საქართველოზე დამაზიანებელი კომენტარები უნდა გააკეთოს, იმის მიუხედავად, რომ არც სამსახურებრივად, არც საქმიანად, არც ეროვნულად და არც არაფრით მას არაფერი ესაქმება საქართველოს შიდა საქმეებში", - განაცხადა მახაშვილმა.