შაბათს, 24 იანვარს, განათლების საერთაშორისო დღეს, 19:00 საათზე, მარში სახელწოდებით - „დაიცავი განათლება“ გაიმართება. მარშის მონაწილეები მსვლელობას ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ გამართავენ.
როგორც განათლების სფეროს წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს მიმდინარე პროცესები „პირდაპირ უქმნის საფრთხეს განათლების სისტემას“.
„საქართველოს სჭირდება განათლებული, თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეები. განათლება არის არა მხოლოდ პირადი განვითარების, არამედ ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლის საფუძველი.
სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვხედავთ პროცესებს, რომლებიც პირდაპირ უქმნის საფრთხეს განათლების სისტემას. ხელისუფლების მიერ ინიციირებული ე.წ „რეფორმები“ არ ემსახურება ხარისხის გაუმჯობესებას - ისინი ემსახურება კონტროლს, ცენტრალიზაციას და პოლიტიკური გავლენის გაძლიერებას სკოლებზე, უნივერსიტეტებზე და ზოგადად აკადემიურ სივრცეზე.
ჩვენ ვამბობთ მკაფიოდ:
უნივერსიტეტები არ უნდა ექვემდებარებოდეს პარტიულ კონტროლს;
უნივერსიტეტების შენობების გაყიდვა არ არის რეფორმა — ეს არის განათლების ინფრასტრუქტურისა და აკადემიური დამოუკიდებლობის დასუსტება;
პროფესორებისა და სტუდენტების შევიწროება დაუშვებელია.
ჩვენ ვერ დავუშვებთ:
უნივერსიტეტების დამორჩილებას
აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას
პროფესორებისა და სტუდენტების დაშინებას
ჩვენი ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევას
განსაკუთრებით საგანგაშოა გეგმები, რომლებიც ითვალისწინებს: ბაკალავრიატის შემცირებას 3 წლამდე; მაგისტრატურის - 1 წლამდე; სასკოლო განათლების - 11 წლამდე. ეს ნაბიჯები ქართული განათლების სისტემას მნიშვნელოვნად აშორებს ევროპულ და ამერიკულ საგანმანათლებლო სივრცეს, ამცირებს ხარისხს და აზიანებს საერთაშორისო აღიარებას.
ამასთან ერთად, გვესმის დაპირებები სტუდენტების რაოდენობის შემცირებაზე, უნივერსიტეტებზე პოლიტიკური კონტროლის გაძლიერებაზე, პროფესორებისა და ლექტორების რაოდენობის მკვეთრ შემცირებაზე. ეს ნიშნავს ნეპოტიზმისა და კორუფციის დაბრუნების რეალურ საფრთხეს განათლების სისტემაში.
ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ უნივერსიტეტებისთვის, ჩვენ ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას განათლებაზე, ვიცავთ აკადემიურ თავისუფლებას, და ვიცავთ საქართველოს ევროპულ მომავალს. ამიტომ, გამოდი მარშზე, შაბათს, 24 იანვარს, 19:00 საათზე, რომელიც ტრადიციულად გაიმართება ფილარმონიიდან პარლამენტამდე. ერთად დავიცვათ განათლება, უნივერსიტეტების დამოუკიდებლობა და ღირსეული მომავალი საქართველოსთვის“,- აღნიშნულია განათლების სფეროს წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაში.