ეს არის აშშ-ის შიდაპოლიტიკური ნაწილი, ის, რაზეც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, დიდი ხანია, საუბრობს და ამ პოლიტიკას ახორციელებს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით რაიმე კრიტიკული მიდგომა არ გვაქვს. პირიქით, ჩვენ ჩვენი მოქალაქეები გვჭირდება საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საიმიგრაციო ვიზებთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილების თაობაზე ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
„გვინდა, საქართველოს მოქალაქეებმა იზრუნონ და იყვნენ ჩართული საქართველოს და არა სხვა ქვეყნების აღმშენებლობაში. ისედაც, განსაკუთრებით 90-იანი წლების პერიოდში, საქართველოდან გაედინა დიდი ადამიანური, ინტელექტუალური რესურსი, რომელიც დღეს აშენებს და ავითარებს სხვა ქვეყნების კეთილდღეობას და საზოგადოებას. ამიტომ პირიქით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს ჩართული იმ აღმშენებლობის პროცესში, რომელიც დღეს საქართველოშია, ის ეკონომიკური, მართლაც რეკორდული წინსვლა, რომელიც საქართველოს აქვს. ბოლო 3-4 წელიწადში გაორმაგდა ეკონომიკა საქართველოში ყველა პარამეტრით.
ამერიკის მიგრაციის პოლიტიკა არის ამერიკის შიდა საკითხი და მათი გადასაწყვეტია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ჩართული იყოს საქართველოს აღმშენებლობის პროცესში. ასე რომ, პირიქით, დღეს ის ეკონომიკური, რეკორდული ზრდის პროცესი, რაც საქართველოშია, მნიშვნელოვნად მოითხოვს, რომ ყველა მოქალაქემ იზრუნოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ეს ჩვენი მოქალაქეობრივი, ადამიანური ვალიცაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილის განმარტებით, ტყუილია, თითქოს აშშ-ის გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებსაც აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა არ აქვთ.
„ტყუილია, რასაც ამბობთ, თითქოს იმ 75 ქვეყანას, რომელსაც ეხება ეს, და ლამის ნახევარი დედამიწა არის, სტრატეგიული პარტნიორობა არ აქვს აშშ-თან. უახლესი მაგალითი რომ გითხრათ, არის სომხეთი, რომელიც ამ სიაშია და იცით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აქვს. სომხეთზე მოახდინა გავლენა? ანუ, თქვენი ვარაუდი მცდარია. ამას ჰქვია ყალბი წანამძღვრებით მსჯელობა. ყალბი წანამძღვრები როცა გაქვთ, აუცილებლად მიხვალთ ყალბ დასკვნამდე. ან ტყუილი თქვით, ან შეცდით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, „თქვენმა პოლიტიკამ განაპირობა თუ არა ის, რა გადაწყვეტილებაც მიიღო აშშ-მა ვიზებთან დაკავშირებით?“, – პაპუაშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს პოლიტიკა ამ გადაწყვეტილებასთან არაფერ შუაშია.
„არა. გარწმუნებთ, რომ ჩვენი პოლიტიკა არ განაპირობებს პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკას მიგრაციის საკითხში, ვენესუელასთან დაკავშირებით, გრენლანდიასთან დაკავშირებით. ჩვენი პოლიტიკა არაფერ შუაშია. როგორც გრენლანდიასთან და ვენესუელასთან არ ვართ შუაში, ისე არ ვართ შუაში პრეზიდენტ ტრამპის მიგრაციულ პოლიტიკასთან, რომელიც, ამ გადაწყვეტილებით, ლამის დედამიწის ნახევარს შეეხო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.